შს მინისტრი ვახტანგ გომელაური აცხადებს, რომ მან პანკისში მაჩალიკაშვილების სახლში ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით გამოძიებას ყველა კითხვაზე გასცა პასუხი. რაც შეეხება უშუალოდ ბრძანებას სროლასთან დაკავშირებით, მინისტრი განმარტავს, რომ ოპერაციის დაწყების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მეთაური, სროლის შესახებ კი ინდივიდუალურად სპეცრაზმელი.
“მე თვითონ ვიყავი რიგითი სპეცრაზმელი და 8 წლის განმავლობაში მომიწია ასე მუშაობა. იქ მე ვწყვეტ უნდა ვისროლო თუ არა. ამას არ ეკითხებიან - ბატონო მინისტრო ცეცხლი გავხსნა თუ არ გავხსნა? იქ შენ ხარ მინისტრიც, პრემიერ-მინისტრიც და ყველაფერი. რაც შეეხება გადაცდომას, მე ვერ შევაფასებ, ეს უნდა გვითხრას პროკურატურამ და სასამართლომ. მე ამას ვერ შევაფასებ," - განაცხადა შს მინისტრმა.