"რუსეთი მრავალი წელია აქტიურია ჩვენი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ. ახალი ღობეების თუ კონსტრუქციების გავლება ეტაპობრივად, მათი მხრიდან ხან როდის ხდება, ხან როდის,"- ასე ეხმაურება იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი საოკუპაციო ხაზთან მიმდინარე პროცესებს.
თეა წულუკიანის თქმით, საოკუპაციო რეჟიმის მოქმედებებში ახალი არაფერია.
"ეს არის მისი მიზანმიმართული საოკუპაციო პოლიტიკის გამოხატულება და პირდაპირი შედეგია, თუნდაც ატოცში ამგვარი საქმიანობის ანტიკანონიერი და ჩვენი კონსტიტუციის საწინააღმდეგო საქმიანობის, ეს შედეგია პირდაპირი თუნდაც 2008 წლის ომის.
"ჩვენ ოკუპაციას ვუპირისპირებთ მშვიდობიან, მაგრამ პრინციპულ პოლიტიკას. ჩვენი მთავარი პრიორიტეტი არის, რომ არ წამოვეგოთ პროვოკაციებს, ვებრძვით რა ოკუპაციას. არავის აქვს უფლება ამ ქვეყანაში დაგვავიწყდეს, რომ საოკუპაციო ხაზთან ამ სოფლებში ცხოვრობს მშვიდობიანი მოსახლეობა და მათი უსაფრთხოების უზრუნველყოფა ხდება ჩვენი სამართალდამცავების მხრიდან და გააქტიურებულია ყველა ფორმატი.
რთული პრობლემაა, ტრაგედიაა. ეს არის ყველაზე დიდი ბოროტება ჩვენს ქვეყანაში, რასაც ოკუპაცია ჰქვია, ამიტომაც მოგვეთხოვება მაღალი ხარისხის სერიოზულობა, თანმიმდევრულობა და რაც მთავარია, პასუხისმგებლობა, რომ ერთის მხრივ ვებრძოლოთ ოკუპაციას, სანამ არ მივაღწევთ დეოკუპაციას და ეს გავაკეთოთ ისე, რომ ადგილობრივი მოსახლეობა არ აღმოჩნდეს რაიმე ტიპის რისკის ქვეშ დაყენებული და რაიმე ტიპის პროვოკაციის მსხვერპლი"- განაცხადა თეა წულუკიანმა.