18 ნოემბერი 2024,   21:46
ვრცლად
"გავეშებულის ბოდვა" - მეუფე პეტრე მეუფე იაკობის სკანდალურ განცხადებაზე

მეუფე იაკობის სკანდალურ განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ "ციანიდის" საქმისთვის მსჯავრდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე მეუფე პეტრეს თანამზრახველი იყო, მეუფე პეტრე ცაავა ნასვამი, გავეშებული ადამიანის ბოდვას უწოდებს:

"აშკარად ნასვამ მდგომარეობაშიც და უფრო მეტიც, გავეშებულის ბოდვაზე, ცოტა უხერხულია კომენტარის გაკეთება, მე პირადად არათუ პრემიერის კაბინეტში, კანცელარიაში არ ვყოფილვარ არასოდეს. გამოვთქვამ ვარაუდს, რომ "ციანიდის" საკითხი დაიგეგმა მეუფე იაკობის ჩართულობით, ხელისუფლება შეიყვანა შეცდომაში შიდა დაპირისპირებისათვის იქნა გამოყენებული ციანიდის სცენარი, რაც მიზნად ისახავდა პატრიარქის დაცვის უფროსის და მამა გიორგის, რომელიც იყო ქონების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი, მათ ჩამოშორებას და გარიდებას საპატრიარქოდან,

ჯერ კიდევ შარშან ზაფხულში მივმართე წმინდა სინოდს, უღირსი სასულიერო პირების საკითხი შესწავლილიყო და განხილულიყო. დღემდე სამწუხაროდ ეს საკითხი არ დადგა, მაგრამ აუცილებლად დადგება დღის წესრიგში, მაგრამ დაიწყება მაღალი იერარქიიდან და არა დაბლიდან. ამ პროკურატურიდან რას უნდა ველოდე,  ველოდები აღიარებას და მონანიებას "ციანიდის საქმეში" დაშვებულ შეცდომებზე და ერის წინაშე დაშვებულ მავნებლობაზე."- განაცხადა მეუფე პეტრემ "კურიერთან" სატელეფონო საუბრისას.

სკანდალური განცხადება მეუფე იაკობმა TV პირველის ეთერში დღეს გააკეთა:

"მე შემიძლია ისეთი საბუთები მივაწოდო მსოფლიოს, მეუფე პეტრე და დეკანოზი, რომ ერთად იყვნენ ყველაფერში.... მკვლელობა თუნდაც... არამარტო მეუფე პეტრე, სახელმწიფოდან ვიღაცები ჩარეულები იყვნენ და ზოგიერთი ბიზნესმენი ჩარეული იყვნენ მაგ ამბავში," - განაცხადა მეუფე იაკობმა და დააზუსტა, რომ ეს ბიზნესმენი იყო ვანო ჩხარტიშვილი.

მეუფე იაკობის თქმით, შეხვედრას, რომელზეც პატრიარქის გადაყენებაზე მიდიოდა საუბარი ხელისუფლების მაღალჩინოსნებიდან გიორგი კვირიკაშვილი, ვახტანგ გომელაური და გიორგი გახარია ესწრებოდნენ. მეუფე იაკობი ვარაუდობს, რომ მაღალჩინოსნებს ეს საკითხი ვიღაცამ დაავალა.

"მაგ სამი კაცისთვის ვიღაცას რომ არ დაევალებინა... იმასაც ბრძოლას ვუცხადებ, ვინც მაგათ დაავალა,"- განაცხადა მეუფე იაკობმა და განმარტა, რომ იდეა ვანო ჩხარტიშვილს ეკუთვნოდა, ეს იდეა ივანიშვილს გააცნო, ივანიშვილმა კი თავის მინისტრებს დაავალა.

"პირველი მე ვიყავი მაგ შეხვედრაზე, მერე მეუფე თეოდორე იყო, მეუფე საბა თბილისში არ იყო, გრიგოლი იყო და მეუფე პეტრეს შეხვდნენ გახარია და ვახო. ვახოს ყოველთვის წესიერი პოზიცია ეჭირა. მითხრეს, რომ ვანოს ის იყო ბიძინასთან, ბიძინამ კიდე ამათ დაავალა, მაგათ აწი ყველას მე მივხედავ. რომელი 2020-ის არჩევნები, ყველას მივხედავ..."- განაცხადა მეუფე იაკობმა.

"პატრიარქის მკვლელობა ვისაც უნდოდა, იმ ხალხს მე არ ვაპატიებ არავის. არც მეუფე შიო ვიცი, არც მეუფე თეოდორე, არც არავინ. ისინი არ არიან ჩარეულები, მაგრამ სხვა მეუფეები, ზოგი ზღვაზე ნებივრობს, ზოგი სხვაგან ნებივრობს, იმათ დავარტყამ,"- თქვა მეუფე იაკობმა.

მეუფე იაკობის თქმით, ციანიდის საქმე ამ შეხვედრამდე იყო დაგეგმილი და ამ საქმისთვის დეკანოზი მამალაძე პატრიარქის დაცვის სამსახურის ხელმძღვანელმა სოსო ოხანაშვილმა შეარჩია.

დღის ამბები