გავრცელებული ინფორმაციით, პარლამენტში დეპუტატებს შორის მორიგი ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ამჯერად ერთმანეთს უმრავლესობის წევრები გიგა ბუკია და კახა ოქრიაშვილი დაუპირისპირდნენ.
დაპირისპირება ე.წ. დეპუტატის ოთახში მოხდა, სადაც პარლამენტის წევრებმა პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის თხოვნით, კენჭისყრამდე კონსულტაციებისთვის გადაინაცვლეს.
როგორც ცნობილია, ფიზიკური დაპირისპირების განმუხტვა ფრაქცია "ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარეს მამუკა მდინარაძეს მოუწია.
გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებენ კახა ოქრიაშვილი და მამუკა მდინარაძე. მათი განცხადებით, შეხვედრა დაძაბულ რეჟიმში მიმდინარეობდა, თუმცა ფიზიკურ დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონია.
"რა თქმა უნდა ფიზიკური დაპირისპირება არ ყოფილა. მე და ბატონი გიგა ბუკია სხვადასხვა აზრზე ვართ. მე ვუჭერ მხარს მაჟორიტარულ სისტემას, შერჩეულს, ის პროპორციულს. ჩვენს შორის იყო დისკუსია, რომელიც რარაც მომენტში მაღალ ტონალობაში გადავიდა," - აღნიშნა კახა ოქრიაშვილმა.
"დაპირისპირება და ხმამაღალი კამათი ნამდვილად იყო. არა მხოლოდ ამ ადამიანებს შორის. რა თქმა უნდა, მე და გია ვოლსკი, როგორც ყოველთვის ვიყავით გამნეიტრალებლები. სკანდალს ნუ შევქმნით ამბისგან. მსგავსი არაფერი მომხდარა. ფიზიკური დაპირიპირება ნამდვილად არ ყოფილა," - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.