ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტი ანდრიუს კუბილიუსი ოპოზიციისა და ხელისუფლების შეხვედრას დადებითად აფასებს. მისი თქმით, თუ მოიძებნება გზა, რომ საარჩევნო სისტემა უფრო პროპორციული და დაბალანსებული იყოს, ეს კარგი გზავნილი იქნება ევროპისთვის.
"მეტად ინფორმირებულები უნდა ვიყოთ გუშინდელ შეხვედრასთან დაკავშირებით, თუმცა ვიცი, რომ შეხვედრა დადებითი ხასიათის იყო. ორივე მხარე შეთანხმდა შესაძლებლობაზე, თუ როგორ გადავიდნენ მეტად პროპორციულ და დაბალანსებულ სისტემაზე. ეს, თავისთავად, უფრო დაბალანსებულ შედეგებს მოიტანს, რაც მნიშვნელოვანია საქართველოსთვის და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის. ეს არის იმის მაგალითი, თუ როგორ შეიძლება პოლიტიკური პრობლემა მოგვარდეს. კარგი გზავნილია ევროპისთვის. აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრესი დამოკიდებულია ქვეყნებში დემოკრატიის გამჭვირვალედ განვითარებაზე.
როგორც ბოლო დროს განვითარებული მოვლენების ფონზე ვხედავთ, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში არის გარკვეული ფენომენი, რომლსაც შეგვიძლია ვუწოდოთ მონო-უმრავლესობის, სუპერ-უმრავლესობის ჩამოყალიბების მცდელობა. ასეთი უმრავლესობით არის ცდუნება, რომ მისი გამოყენება მოხდება არადემოკრატიული მიზნებისთვის,"- განაცხადა ანდრიუს კუბილიუსმა.
შეგახსენებთ, რომ გაერთიანებული ოპოზიციისა და მმართველი გუნდის დიალოგის მეორე რაუნდი საერთაშორისო საზოგადოების ჩართულობით 8 დეკემბერს, სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" დაახლოებით 5 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.
შეხვედრაზე დიპლომატებმა მმართველ გუნდს მრავალმანდატიანი მაჟორიტარული ოლქების სისტემა შესთავაზეს, რომლის განხილვასაც მმართველი გუნდი დასთანხმდა.