22 დეკემბერი 2024,   16:19
ვრცლად
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ რუსეთის დელეგაციისთვის უფლებამოსილების დამტკიცებას მხარი დაუჭირა

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ რუსეთის დელეგაციისთვის უფლებამოსილების დამტკიცებას მხარი დაუჭირა. გადაწყვეტილების მომხრე იყო ასამბლეის 96 წევრი 44-ის წინააღმდეგ.

რეზოლუციის განხილვა სტრასბურგში მწვავე დებატების ფონზე მიმდინარეობდა. საქართველოსა და უკრაინის დელეგაციებმა გადაწყვეტილება დაგმეს და რუსეთის აგრესიული ქმედებები გააკრიტიკეს.

"უნდა შეგახსენოთ, საქართველოს ხელისუფლებამ ჯერ კიდევ 2009 წელს იწინასწარმეტყველა, რომ პუტინის შემდეგი ნაბიჯი იქნებოდა უკრაინაში ყირიმის აგრესია და როგორი ტრაგედიაა, რომ ეს წინასწარმეტყველება ახდა. დღევანდელი ჩვენი პროგნოზია ის, რომ რუსეთის დელეგაციის დაბრუნებით მდგომარეობა უფრო გაუარესდება. მეტი ადამიანი დაიღუპება და ის, ვინც დღეს ღილაკს თითს რუსეთის სასარგებლოდ დააჭერს, პასუხისმგებლობა დაეკისრება. ევროპის პოლიტიკურ წრეებში თანხმდებიან, რომ საქართველოსთვის სათანადო ყურადღების მიქცევის შემთხვევაში 2008 წელს ომსა და მსხვერპლს თავიდან აირიდებდნენ.

რუსი ე.წ. დეპუტატების აგრესიული ტონი კიდევ ერთხელ ცხადყოფს თუ რა ისწავლა რუსეთმა ამ გაკვეთილებიდან. პასუხი აშკარაა, რუსეთს ჰგონია, რომ შეცდომა არ დაუშვია. პოლიტიკურ რეალობაში ამ რეზოლუციის მხარდაჭერა ნიშნავს ყირიმის ანექსიის ლეგიტიმაციას. ფაქტია, რომ რუსეთმა საქართველოში ეთნიკური წმენდა მოაწყო. და ეს ძვირფასო კოლეგებო, დიდი დანაშაულია," - განაცხადა ფრაქცია "ევროპული საქართველოს" მდივანმა გიორგი კანდელაკმა.

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი ბერაიას განცხადებით, რუსეთი ახლაც განაგრძობს ცხინვალისა და აფხაზეთის რეგიონების არალეგალურ ოკუპაციას, რაც საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევაა.

"მე ვარ იმ ქვეყნის წარმომადგენელი, რომლის 20% რუსეთის მიერაა ოკუპირებული, ჩვენ კატეგორიულად წინააღმდეგი ვართ გავუხანგრძლივოთ უფლებამოსილება აგრესორი ქვეყნის დელეგაციას. რუსეთი ახლაც განაგრძობს ცხინვალისა და აფხაზეთის რეგიონების არალეგალურ ოკუპაციას, რაც საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევაა.

მოსკოვის აგრესიამ საქართველოსა და უკრაინის მიმართ ევროპაში კონფლიქტები მოიტანა და დაარღვია საერთაშორისო წესრიგი. გახსოვდეთ, ახლა იმ ქვეყნის უფლებამოსილებას განვიხილავთ, რომელიც საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციებს არ ასრულებს. რუსეთს ეკისრება სრული პასუხისმგებლობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობაზე, - აღნიშნა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ბერაიამ.

რუსეთის დელეგაციის წევრის პიოტრ ტოლსტიოს განცხადებით კი, საქართველომ და უკრაინამ თავიანთი მოქალაქეების წინააღმდეგ არმია თავად გამოიყენა.

"ფაქტების გარეშე არ შეიძლება ქვეყნის რეპუტაციის შელახვა. ვინ უნდა დაგვსაჯოს ჩვენ? ხალხმა, რომელიც დღეს აქ ყირიმის ოკუპაციაზე საუბრობს და ვერ იაზრებს, რომ ყირიმში რეფერენდუმი ჩატარდა. ასევე ვერ იაზრებს, რომ სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი არ ეკუთვნის რუსეთის ფედერაციას. მინდა შეგახსენოთ, რომ საქართველომ და უკრაინამ თავიანთი მოქალაქეების წინააღმდეგ არმია გამოიყენა, ისინი ხოცავდნენ თავიანთ ხალხს და თქვენ გჯერათ, რომ ეს რუსული აგრესია იყო? აქ არ უნდა ხდებოდეს ერთის მიერ მეორის დასჯა, არამედ უნდა შედგეს დიალოგი და თუ დაგვსჯით ჩვენ იძულებული ვიქნებით დაგტოვოთ," - განაცხადა რუსეთის დელეგაციის წევრმა პიოტრ ტოლსტოიმ.

უკრაინის დელეგაციის წევრმა ოლექსი გონჩარენკომ კი განაცხადა, რომ აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი საქართველოსი, ხოლო დონბასი და ყირიმი უკრაინის ნაწილია.

"შეხედეთ ამ ანგარიშს, აქ არც ყირიმზეა საუბარი და არც საქართველოზე, აქ საუბარია მხოლოდ დიდ მიღწევაზე, რომ რუსეთმა ევროპის საბჭოში დიდი ფული შეიტანა. რუსეთი ფიქრობს, რომ მან მთელი საბჭო იყიდა. 70 მილიონი გადაიხადა რუსეთის ფედერაციამ, მაშინ როდესაც 13 ათასი უკრაინელია მოკლული.

ისინი ხოცავენ უკრაინელებს უკრაინაში, ქართველებს საქართველოში, ბრიტანელებს სოლზბერიში, ჰოლანდიელ ხალხს ბოინგის ჩამოგდებით და როგორ უშვებენ ახლა ჰოლანდიელი დეპუტატები აქ ასეთ რეზოლუციას? . ახლა ჩვენი ასამბლეა ევროპულ ღირებულებებსა და რუსულ ფულს შორის იხლიჩება. როგორც არ უნდა დასრულდეს ეს კენჭისყრა, პუტინი წააგებს. აფხაზეთი საქართველოა! სამხრეთ ოსეთი საქართველოა! დონბასი უკრაინაა! ყირიმი უკრაინაა," - განაცხადა უკრაინის დელეგაციის წევრმა ოლექსი გონჩარენკომ.

დღის ამბები