22 დეკემბერი 2024,   16:20
ვრცლად
გვიჩნდება კითხვები, რამდენად ერთგულია საქართველო ჩვენი საერთო ღირებულებების - მორიგი წერილი ამერიკიდან

კონგრესმენების შემდეგ, საქართველოს ხელისუფლებას სენატორები მიმართავენ. კრიტიკასთან ერთად, წერილში ამერიკელი პოლიტიკოსები ამჯერად საქართველოს ხელისუფლებას აფრთხილებენ - თუ ქვეყანა დემოკრატიულ პრინციპებს არ დაიცავს, შესაძლოა ამერიკა-საქართველოს პარტნიორობა გადაიხედოს.

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას სახელზე გამოგზავნილ წერილს ხელს აწერენ სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, რესპუბლიკელი ჯეიმს რიში და ამავე კომიტეტის წევრი, დემოკრატი ჯინა შაჰინი.

წერილში ნათქვამია, რომ პროპორციული საარჩევნო რეფორმის ჩაგდება და მშვიდობიანი პროტესტის ძალადობრივი ფორმით ჩახშობა, დემოკრატიის დასუსტებაზე მიუთითებს. სენატორები ოპოზიციის ლიდერებზე თავდასხმის ფაქტებზეც წერენ. გამოთქვამენ შეშფოთებას უზენაესი სასამართლოს მუდმივი მოსამართლეების კვალიფიკაციაზე და თვლიან, რომ ქვეყანაში რეფორმების შეფერხება და შიდა დაძაბულობის ზრდა, რუსეთს საქართველოს საქმეებში მეტად ჩარევის საშუალებას აძლევს.

"ჩვენ უფრო და უფრო გვაშფოთებს უკანასკნელი პერიოდის მოვლენები, რაც ქართული დემოკრატიის და მმართველობის დასუსტებაზე მიუთითებს. აქ ორი ყველაზე კრიტიკული საკითხია: დაპირებული საარჩევნო რეფორმის პარლამენტის მიერ ჩაგდება და მთავრობის მიერ მშვიდობიანი პროტესტის ძალადობრივი ჩახშობა.

ჩვენ ვხვდებით, რომ დაპირებული საარჩევნო რეფორმა ქართველი ამომრჩევლისთვის პროპორციული წარმომადგენლების მიცემას ითვალისწინებდა იმისთვის, რომ სისტემას რომელიმე ერთი პოლიტიკური პარტიისთვის არ მიეცა გაუმართლებელი უპირატესობა. თქვენი მთავრობის გადაწვეტილება, რომ ეს ცვლილება არ შემდგარიყო, საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობაში უკუსვლაზე მიუთითებს. ამასთან ერთად, მასობრივი და ამავდროულად მშვიდობიანი პროტესტი, რომელიც ამას მოჰყვა, აშკარა ნიშანია, რომ ამ ჩაგდების გამო უკმაყოფილებაა.

მთავრობის მიერ პროტესტის ძალადობრივი ჩახშობა ქართველების დემოკრატიული უფლებების და მთავრობის მიერ მისი მოქალაქეების დაცვის ვალდებულების დარღვევაა.

გარდა ამისა, ბოლო პერიოდში ოპოზიციური პოლიტიკური ლიდერების მიზანში ამოღება, როგორც ფორმალური და ასევე არაფორმალური მეთოდების გამოყენებით, საქართველოს დემოკრატიული უკუსვლის კიდევ ერთი მტკიცებულებაა. გვაშფოთებს ცნობები, რომ ოპოზიციის ლიდერებს მმართველ პარტიასთან დაკავშირებული პირები ფიზიკურად ესხმიან თავს ან ავიწროვებენ. იგივეა ოპოზიციის წარმომადგენლების წინააღმდეგ წლების წინ დახურული სისხლის სამართლის საქმეების თავიდან გახსნა. პოლიტიკოსებს უნდა შეეძლოთ, ისარგებლონ სიტყვის თავისუფლებით. საქართველოს სასამართლო სისტემა არ უნდა იქნას გამოყენებული მათთვის თავისუფლების შესაზღუდ იარაღად.

და ბოლოს, ჩვენ განსაკუთრებით გვაშფოთებს, რომ საქართველოს სასამართლო სისტემას ძირი ეთხრება უზენაესი სასამართლოს 14 ახალი მოსამართლის სამუდამოდ დანიშვნით - მანამ, სანამ მათ კვალიფიკაციას სრულად შეაფასებდნენ. როგორც აღნიშნა ეუთომ თავის 2020 წლის იანვარში მონიტორინგის ანგარიშში. პოლიტიკური მოკავშირეების დანიშვნა უზენაეს სასამართლოში დანიშვნა, მიუკერძოებელი და მაღალი კვალიფიკაციის მოსამართლეების ნაცვლად, იმ დემოკრატიულ ინსტიტუტებს უთხრის ძირს, რომელთა გამოც რეგიონში საქართველოსი შურდათ. ბატონი ივანიშვილის განცხადება, რომ აქციების უფრო მეტ მონაწილეს მოუწევს ციხეში წასვლა, დამატებით შემაშფოთებელი განვითარებაა. იმედი გვაქვს ეს იმას არ ნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობა მზადაა სასამართლო და პოლიცია ბოროტად გამოიყენოს პოლიტიკური სარგებლის მისაღებად.

ჩვენ წლებია საქართველოსთან შეერთებული შტატების პარტნიორობის მტკიცე მხარდამჭერები ვართ და კვლავ გვჯერა, რომ ძლიერი დემოკრატიული ფუნდამენტი გაქვთ. თუმცა, ეს მოვლენები გვაპაუზებს და კითხვებს გვიჩენს, რამდენად ერთგულია საქართველო ჩვენი საერთო ღირებულებების. მეტიც, ვშიშობთ, რომ რეფორმების შეფერხება და საქართველოს შიგნით დაძაბულობის ზრდა, რუსეთის უფრო მეტად ჩარევას განაპირობებს ქვეყანასა და რეგიონში. რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ეს ქმედებები, უფრო მეტად შეექმნება საფრთხე საქართველოს უსაფრთხოებას და ჩვენ შეიძლება იძულებული გავხდეთ, რომ ჩვენს პარტნიორობას გადავხედოთ," - აღნიშნულია სენატორების წერილში.

დღის ამბები