24 აპრილი 2024,   18:20
ვრცლად
მკვლელობა დაზიანებული ავტოფარეხის გამო - მოკლულმა საკუთარი მკვლელობა ტელეფონით გადაიღო

დოდაშვილის ქუჩაზე მოკლულმა მალიკ მალიუდინმა საკუთარი მკვლელობა ტელეფონით გადაიღო. "კურიერის" მიერ ექსკლუზიურად მოპოვებულ ვიდეოში ჩანს, რომ გრიგოლ მეჯლუმიანი მას ჯერ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს, შემდგომ კი დამიზნებით სამჯერ ესვრის.

მოკლულისა და ბრალდებულის მეზობლები "კურიერს" უყვებიან, რომ კონფლიქტი დაახლოებით ერთი წლის წინ, ყოფით ნიადაგზე დაიწყო.

დოდაშვილის 17-ში, სადაც პაკისტანის მოქალაქემ სახლი ააშენა, მანამდე ძველი შენობა იდგა, რომელიც დაანგრია. სწორედ ამ დანგრევას მოჰყვა კონფლიქტი, რადგან სახლს და მკვლელობაში ბრალდებულის ავტოფარეხს საერთო კედელი ჰქონდა.

ადგილობრივები ამბობენ, რომ დაპირისპირების გამო დოდაშვილის 17-ში საპატრულო პოლიციას ხშირად იძახებდნენ. დავა მიმდინარეობდა სასამართლოშიც.

დაკავებული გრიგოლ მეჯლუმიანის ოჯახის წევრებს დღეს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებიათ. მათი ვერსიით, დავა მას შემდეგ დაიწყო, რაც პაკისტანის მოქალაქემ სახლის მშენებლობისას მათი უძრავი ქონება დააზიანა. მეჯლუმიანებმა შენობის შეკეთება მოითხოვეს, თუმცა უშედეგოდ. ამის შემდეგ, დაკავებულის მეუღლის განცხადებით, მალიუდინმა ღობე მათ კუთვნილ ტერიტორიაზე ააშენა, რამაც არაერთი სიტყვიერი თუ ფიზიკური დაპირისპირება გამოიწვია.

თბილისის მუნიციპალიტეტის ინსპექციაში განმარტავენ, რომ არც ერთ ოჯახს კანონი არ დაურღვევია. შესაბამისად, ეს იყო სამოქალაქო დავა, რომელიც სასამართლოში უნდა გადაწყვეტილიყო.

მკვლელობა დოდაშვილის 17 ნომერში 6 თებერვალს მოხდა. 32 წლის მალიკ მალიუდინს მეზობელმა ცეცხლსასროლი იარაღით 3 ჭრილობა მიაყენა. პაკისტანის მოქალაქე ადგილზე გარდაიცვალა, ბრალდებული კი ცხელ კვალზე დააკავეს.

გრიგოლ მეჯლუმიანს გამოძიება განზრახ მკვლელობასა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავება. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მას 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

ავტორი: ლუკა ხაჩიძე

დღის ამბები