16 აპრილი 2024,   12:15
ვრცლად
15 წლის მოზარდის თვითმკვლელობის საქმეზე სასამართლოს მხოლოდ მარიანა ჩოლოიანის ბრალეულობის განხილვა მოუწევს

სახელმწიფო ინსპექტორმა 15 წლის მოზარდის საქმეზე დაკავებული გამომძიებლის საქმე დახურა. მარიანა ჩოლოიანის ბრალეულობაზე უკვე საქალაქო სასამართლო იმსჯელებს. 12 თებერვლიდან არსებითი განხილვები დაიწყება.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაშია წერია, რომ დაკავებულმა ჩოლოაიანმა, აღიარებითი ჩვენების მიღებისთვის, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პრინციპი დაარღვია, ასევე გამოკითხვაზე მყოფ მოზარდს არასათანადო გარემო შეუქმნა.

მაშინ, როდესაც სახელმწიფო ინსპექტორი ჩოლოიანის მხრიდან იძულებით აღიარების მიღებაზე საუბრობს, გამომძიებლის ინტერესების დამცველს სხვა არგუმენტები აქვს.

როგორც ჩოლოიანის ადვოკატი ამბობს, საქმეში ლუკა სირაძის აღიარებითი ჩვენება არ დევს, ასევე კატეგორიულად უარყოფს გარდაცვლილი მოზარდის ძმის მიმართ ზეწოლას.

სასამართლოს მხოლოდ მარიანა ჩოლოიანის საქმის განხილვა მოუწევს, თუმცა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა რამდენიმე პოლიციელის შესაძლო ადმინისტრაციული დარღვევის შესწავლა შსს-ს გენ ინსპექციას დაავალა და მასალები უკან გადაუგზავნა.

ერთ-ერთი, ვის შესაძლო გადაცდომებსაც გენერალური ინსპექცია შეისწავლის, გავრცელებული ინფორმაციით, რევაზ მამასახლისია. "კურიერთან" საუბრისას, პოლიციელმა მისი ბრალეულობა 15 წლის მოზარდის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით კატეგორიულად უარყო.

გამოძიების მიმდინარეობისას სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა "მწვანე სკოლასაც" დააკისრა.

სახელმწიფო ინსპექტორის დასკვნას ენდობა და ამ ეტაპზე მხოლოდ მარიანა ჩოლოიანის ბრალეულობაზე საუბრობს ლუკა სირაძის ოჯახი. როგორც 15 წლის მოზარდის ძმა "კურიერთან" ამბობს, თუ გამოძიება სხვა პირების პასუხისმგებლობის საკითხსაც გამოკვეთს, ყველა პირი შესაბამისად უნდა დაისაჯოს.

15 წლის ლუკა სირაძის საქმეზე გამოძიება უკვე რამდენიმე თევა მიმდინარეობს, ჩატარდა 400-ზე მეტი საგამოძიებო მოქმედება, გამოკითხულია 100 ზე მეტი მოწმე. 

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში ამბობენ რომ ამ ეტაპზე, ჩოლოიანის გარდა სხვა პირების მიმართ სისიხლის სამართლებლივი დევნის საფუძველი არ იკვეთება, დისციპლინური გადაცდომების გამოძიება კი, გენერალურ ინსპექციას უკვე დაწყებული აქვს.

დღის ამბები