23 სექტემბერი 2020,   11:01
ვრცლად
რუსეთი საქართველოსთვის 10 მილიონი ევროს გადახდას აჭიანურებს - რატომ არ სრულდება სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება

რუსეთი სტრასბურგის ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების შესრულებასა და საქართველოსთვის კომპენსაციის სახით 10 მილიონი ევროს გადახდას აჭიანურებს. საქმე 2006 წელს საქართველოს მოქალაქეების დეპორტაციას ეხება, რა დროსაც საქართველოს ათასზე მეტი მოქალაქე დაზარალდა.

ლია შიოშვილისა და მისი 4 მცირეწლოვანი შვილის ამბავი უმძიმესია 2006 წლის საქმეში. დეპორტაციისას ფეხმძიმე ქალი ბავშვებთან ერთად არაადამიანურ პირობებში კვირაზე მეტხანს იმყოფებოდა. რუსეთის ხელისუფლების მიერ ჩატარებული სადამსჯელო აქტისას მიღებული სტრესი ოჯახზე სამუდამოდ აისახა - ბავშვი გარდაცვლილი დაიბადა. არაადამიანური მოპყრობისთვის შიოლაშვილებმა სტრასბურგში რუსეთს უჩივლეს და საქმეც მოიგეს, თუმცა კომპენსაცია არასრული იყო. 14 წლიანი ლოდინის შემდეგ ოჯახი სრული თანხის მიღებას სახელმწიფოთაშორისი სარჩელით რუსეთისათვის დაკისრებული ჯარიმიდან ელოდება.

ლია შიოშვილის გარდა რუსეთიდან მასობრივი დეპორტაციისას 1500 ადამიანი დაზარალდა. მოქალაქეების მიმართ არაადამიანური მოპყრობის გამო საქართველომ სტრასბურგში იჩივლა, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ რუსეთს 10 მილიონი ლარის გადახდა დააკისრა.

მოსკოვი ვალდებულებას არ ასრულებს, მიზეზები კი დღეს ადგილობრივმა მედიამ რუსეთის იუსტიციის სამინისტროზე დაყრდნობით განმარტა. რუსეთის იუსტიციის სამინისტროს განმარტებით, თბილისმა უნდა შეადგინოს დაზარალებულთა ზუსტი სია, დააზუსტოს დარღვევები, რომელთა გამო დაზარალდა თითოეული მოქალაქე და დაზუსტდეს თანხის ოდენობა. მოსკოვში შიშობენ, რომ კომპენსაცია შესაძლოა იმ ადამიანებმა მიიღონ, რომელთა დაზარალებულად ცნობა არ შეიძლება.

საქართველოს იუსტიციის მინისტრი მოსკოვის მოთხოვნას აბსურდულს უწოდებს. თეა წულუკიანის თქმით, სია, რომელიც ქვეყანამ უკვე წარადგინა, სრულიად საკმარისია. ქართული მხარე რუსეთზე ზეწოლისთვის ყველა საერთაშორისო ბერკეტს გამოიყენებს.

რუსეთის ხელისუფლების მოთხოვნა არალეგიტიმურია მესამე სექტორის აზრითაც. ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს განჩინებით, თანხა უპირობოდ უნდა ჩაირიცხოს, დაზარალებულებზე კომპენსაციის გადანაწილება კი საქართველოს ხელისუფლების საქმეა. არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც დაზარალებულების უფლებებს იცავდნენ, ამბობენ, რომ მოსკოვის მოთხოვნა დროის გაჭიანურებას ემსახურება.

ოპოზიციის აზრით, რუსეთის იძულებისთვის ხელისუფლებამ ყველა საერთაშორისო ბერკეტი უნდა გამოიყენოს. პოლიტიკოსების განცხადებით, ვლადიმერ პუტინი კომპენსაციის გადახდის გაჭიანურებისთვის ყველაფერს გააკეთებს, რადგან ეს მისთვის პოლიტიკურად დამაზიანებელია.

ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიერ დაკისრებული 10 მილიონი ევროს გადახდაზე თავდაპირველად რუსეთმა უარი თქვა. მას შემდეგ, რაც მოსკოვს ვალდებულების შესრულება ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტმა ზედიზედ ორჯერ მოსთხოვა, რუსეთმა პირობების წამოყენება დაიწყო.

საკითხს კომიტეტზე ქართული მხარე კიდევ ერთხელ მარტში დააყენებს.

დღის ამბები