თბილისის საქალაქო სასამრთლოში "მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებლის გიორგი რურუას ბრალდების საქმის განხილვა პროკურატურის მოწმის დაკითხვით გაგრძელდა.
სამართალდამცველი, რომელიც გიორგი რურუას ჩხრეკასა და დაკავებაში მონაწილეობდა, სასამართლო სხდომაზე თითქმის 4 საათი იკითხებოდა.
დაცვის მხარის განცხადებით, მოწმემ სასამართლოს ყალბი ჩვენება მისცა, ასევე მოწმეს არ ახსოვს ჩხრეკის ბევრი დეტალი.
"ფაქტობრივად გამოაშკარავდა, რომ ეს ადამიანი დღეს სასამართლოს აძლევდა ცრუ ინფორმაციას. ცდილობდა აერიდებინა კითხვები ნებისმიერ დეტალთან დაკავშირებით და ამიტომ ჰქონდა შერჩეული პოზიცია, რომ ყველაფერზე ეთქვა - არ ვიცი.
გვიყვებოდა, თუ რა ნივთები ამოიღეს ჩხრეკის შედეგად გიორგი რურუასგან, მაშინ, როცა ასეთი ჩხრეკა არ ჩატარებულა ადგილზე. ამოღებულ ნივთებში პოლიციელმა დაგვისახელა ტელეფონი და საფულე, ხოლო ჩვენ კითხვაზე - სხვა ნივთი ჰქონდა თუ არა, თქვა, რომ არ ჰქონია," - აცხადებს გიორგი რურუას ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი.
ბრალდების მხარის მტკიცებით კი, მოწმის ჩვენება საქმის მასალებთან თანაფარდობაშია.
"დღეს მოწმემ ცალსახად დაადასტურა მისი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების ნამდვილობა. მან განმარტა, რომ ნამდვილად ჩატარდა ჭავჭავაძის გამზირზე, სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე გიორგი რურუას ჩხრეკა და დაადასტურა, რომ ბრალდებულისგან ნამდვილად იქნა ამოღებული ცეცხლსასროლი იარაღი მჭიდით და ვაზნებით, ასევე დაადასტურა, რომ ჩხრეკის დასრულების შემდეგ, იგი დაკავებული იქნა ბრალდებულის სახით," - განაცხადა გიორგი რურუას საქმის პროკურორმა.