სოფელ გეტაში მკაცრი საკარნატინო ზომების ამოქმედების შესახებ განცხადება გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომ. უწყებაში ამბობენ, რომ შეზღუდვებს შსს-ს თანამშრომლები თავდაცვის ძალების წარმომადგენლებთან ერთად, 24 საათის განმავლობაში, საგანგებო რეჟიმში გააკონტროლებენ.
"უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ გეტაში, საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები ამოქმედდა.
შეზღუდვებს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, თავდაცვის ძალების წარმომადგენლებთან ერთად, 24 საათის განმავლობაში, საგანგებო რეჟიმში გააკონტროლებენ.
საკარანტინო პირობები მოქალაქეთა თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვას ითვალისწინებს. სოფლის შესასვლელსა და გასასვლელში მოწყობილია საკონტროლო გამშვები პუნქტები.
პოლიცია ადგილობრივ მოსახლეობას საკარანტინო შეზღუდვებს განუმარტავს და საჭიროების შემთხვევაში მაქსიმალურად დაეხმარება.
საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია, დაემორჩილოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს." - ნათქვამია განცხადებაში.