საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სამსახურმა (ODC), COVID-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით, ადგილობრივი წარმოების პერსონალური დაცვის აღჭურვილობა გადასცა. აღნიშნული მხარდაჭერა აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ჰუმანიტარული დახმარების პროგრამის ფარგლებში განხორციელდა, რაც საქართველოსა და აშშ-ს შორის უსაფრთხოების სფეროში არსებული მჭიდრო თანამშრომლობის კიდევ ერთი დადასტურებაა.
აღჭურვილობის გადაცემის ცერემონიას საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე გიორგი ბუთხუზი, ამერიკის საელჩოს მხრიდან კი - აშშ-ის თავდაცვის ატაშე - პოლკოვნიკი სტეფან ბეგლი, თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სამსახურის უფროსი - ვიცე-პოლკოვნიკი ჯოზეფ ბილბო და ორმხრივი ურთიერთობების ოფიცერი ჯორჯიის შტატიდან - მაიორი კვინტინ დოლი ესწრებოდნენ.
აშშ-ის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სამსახურმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 300 ერთჯერადი სამედიცინო ხალათი, 1120 ერთჯერადი თეთრი დამცავი სამოსი და 90 ცალი IR თერმომეტრი გადასცა, რაც უწყების თანამშრომლებს საშუალებას მისცემს, უსაფრთხოების ნორმების სრული დაცვით, ეფექტურად განახორციელონ პანდემიასთან საბრძოლველად მათზე დაკისრებული მოვალეობები.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და აშშ-ს შორის მრავალწლიანი მჭიდრო თანამშრომლობის ფარგლებში არაერთი წარმატებული პროექტი განხორციელდა, რომლებმაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი სამინისტროს სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის სანაპირო დაცვის შესაძლებლობების გაძლიერების მიმართულებით.