პაციენტის მდგომარეობა, რომელსაც კორონავირუსი უარყოფითი ტესტისა და სტაციონარიდან გაწერის შემდეგ ისევ დაუდასტურდა, დამაკმაყოფილებელია. ასეთი შემთხვევა ამ დრომდე საქართველოში არ დაფიქსირებულა. ექიმების თქმით, აღნიშნულ პაციენტზე უარყოფითი პასუხი 3-ჯერ იქნა მიღებული:
"ეს პაციენტი ჩვენთან მკურნალობდა მკურნალობის შემდეგ ჩატარდა ლაბორატორიული კვლევა PCR მეთოდით, მივიღეთ უარყოფითი პასუხი პრინციპში 3-ჯერ. ამის შემდეგ გადაყვანილი იქნა იზოლაციაში და როგორც არის მოწოდებული, 2 კვირის შემდგომ გადამოწმდა მისი მდგომარეობა, რათა იზოლაციის რეჟიმი მოხსნილიყო ამ პაციენტზე და მოვიდა ლაბორატორიიდან სუსტად დადებითი პასუხი,"- აცხადებს საჩხერის სამედიცინო ცენტრის დირექტორი მიხეილ ქამუშაძე.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის იმერეთის სამმართველოს უფროსის გოჩა გიორგიძის თქმით, პაციენტი თვითიზოლაციაში, საავადმყოფოშივე მოწყობილ საკარანტინო სივრცეში იმყოფებოდა:
"2-ჯერ ტესტირების შემდგომ ცხვირ-ხახის ნაცხში არ იყო ვირუსი ნაპოვნი. კლინიკურადაც პაციენტი იყო უკვე სტაბილური, ამიტომ მოხდა მისი გადაყვანა სტაციონარული სივრციდან საკარანტინო სივრცეში იმავე საავადმყოფოში, სადაც თვითიზოლაციაზე იმყოფებოდა და ხდებოდა მასზე დაკვირვება. პერიოდულად ჩვენ, ახლაც რომ არ გამოვლენილიყო სიმპტომები, ჩვენ მას ვერ გავუშვებდით სანამ კიდევ არ დავტესტავდით მე-14 დღემდე 24 საათით ადრე, მაგრამ წამოვიდა რაღაც სიმპტომები სადღაც ერთი კვირის ვადაში, გაუკეთდა ტესტირება, მოგვცა ისევ სუსტი დადებითი," - განაცხადა გოჩა გიორგიძემ.