"რუსთავი 2-ის" 26-ე დაბადების დღეზე ტელევიზიის ეზოში სიმბოლურად 26 ხე დაირგო. გამწვანების აქციაში არხის თანამშრომლები მონაწილეობდნენ. "რუსთავი 2-ს" მცენარეები საჩუქრად გარემოს დაცვის სააგენტოს სატყეო დეპარტამენტმა გადასცა.
ხეების დარგვის პროცესში მონაწილეობა მიიღო სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2-ის" გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ:
"ვულოცავ ყველა თანამშრომელს, პირველ რიგში იმათ, ვინც სათავეებთან იდგა. ვულოცავ ყველა ადამიანს, ვინც თუნდაც რამდენიმე დღის წინ შემოუერთდა "რუსთავი 2"-ის გუნდს და მინდა ვუსურვო წარმატება, მაღალი რეიტინგები და რაც მთავარია, მაყურებლის ნდობა, ეს არის ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი.
რაც შეეხება დღევანდელი დღის აღნიშვნას, ტორტიც გავჭერით და ახლა უკვე რამდენიმე ხეც დავრგეთ ჩვენს ეზოში და ვაგრძელებთ ჩვენი ტერიტორიის გამწვანებას," - განაცხადა პაატა სალიამ.
ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილე ნათია იორდანიშვილი სააგენტოს სახელით ულოცავს ტელევიზიას 26 წლის იუბილეს:
"ეროვნული სატყეო სააგენტო ვულოცავთ "რუსთავი 2"-ს 26 წლის იუბილეს და სიმბოლურად გადმოვეცით ჩვენ რუსთავიორელებს 26 ჰიმალაის კედარი, რომლებიც გაალამაზებენ "რუსთავი 2-ის" ეზოს და ამ ხეების ზრდასთან ერთად "რუსთავი 2-ის" რეიტინგებიც იქნება მუდმივად მზარდი," - განაცხადა ნათია იორდანიშვილმა.