18 ნოემბერი 2024,   21:40
ვრცლად
26 წელი ერთად - დღეს "რუსთავი 2-ის" დაბადების დღეა

მუდმივი წნეხი და გამძლე ტელევიზია, რომელმაც ყველაფერი კიდევ ერთხელ თავიდან დაიწყო.

ადამიანებს, რომლებმაც ცხოვრების 26 წელი ამ არხის სამსახურში გაატარეს, ახსოვთ "რუსთავი 2-ის" ისტორიის ყველა ფურცელი. თითოეული გამარჯვებაც და დამარცხებაც, თაობების გამოცვლაც და ადამიანების უდიდესი შრომა, რომელსაც ეს ბრენდი და  ლოგო საგულდაგულოდ ინახავს.

"რუსთავი 2- ში" 1994 წელს  მოსულ კობა გალაშვილს დღემდე ყველაზე მძიმე კადრად რამდენჯერმე ჩაბნელებული სტუდია ახსოვს.

კომპანია, რომელიც ყოველთვის იყო სიახლეზე ორიენტირებული, პირველი ამბობდა ქვეყნის მთავარ სათქმელს. პირველი აშუქებდა ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენებს. "რუსთავი 2-ის" კამერა იყო ტყვიების ზუზუნში, ცხელ წერტილებში, ომებსა და დაპირისპირებების დროს. ამ არხის ოპერატორები იყვნენ და არიან ყველაზე მებრძოლი, უშიშარი და დიდი გუნდის ერთ-ერთი მთავარი საყრდენი ძალა, ისევე როგორც ის ადამიანები, რომლებიც ყოველთვის კადრს მიღმა არიან.

უკვე 26 წლის გაზრდილ და გაძლიერებულ "რუსთავი 2-ს"  ყველაფერი ახსოვს. ყველა ადამიანი, ვის მხრებზეც ამ ლოგოს წარმატებამ გაიარა, ყველა, ვინც თითო აგური დადო ამ არხის მშენებლობაში - ყველა მათი გათენებული ღამე, თავგანწირვა და ერთგულება. ახსოვს მიტოვებაც და განადგურების მცდელობაც, ახსოვს სიხარულიც და გამარჯვებაც. თავის თავში ინახავს ყველაზე საინტერესო მოგონებას და პირველობისთვის ბრძოლას განაგრძობს.

"რუსთავი 2 -ის" ისტორიაში რამდენიმე თვის წინ კიდევ ახალი ფურცელი დაიწყო. ახალი გუნდითა და ახალი შემართებით. "კურიერის" სტუდიაც კიდევ ერთხელ აინთო. არხის საეთერო ბადეში დაბრუნდა ძველი გადაცემები და დაიწყო ახალი პროექტები. გულშემატკივარი და მხარდამჭერი კი "რუსთავი 2-ს" ყოველთვის ბევრი ჰყავდა - ერთგული მაყურებელი ეკრანებს მიღმა.

კომპანია, რომელიც ყველაფრის მიუხედავად პროფესიონალიზმის სიმბოლოდ დარჩა, ახლა პირველობისთვის იბრძვის და თუ ამ 26 წლიან ისტორიას კიდევ ერთხელ გადავხედავთ, ის ყოველთვის იმარჯვებდა და ახლაც გაიმარჯვებს.

 

ავტორი: სალომე თარხნიშვილი

დღის ამბები