18 ნოემბერი 2024,   21:55
ვრცლად
რა გახდა ამაშუკელის ქუჩაზე აფეთქების მიზეზი - ადგილობრივები გაზგასამართი სადგურის გადატანას ითხოვენ

ერთ-ერთი ვერსიით, გუშინ ამაშუკელის ქუჩაზე მდებარე გაზგასამართი სადგურის ე.წ. კომპრესორი აფეთქდა. სწორედ ამ ვარაუდზე დაყრდნობით, კომპანიის მენეჯმენტი არ გამორიცხავს, რომ აფეთქება მიზანმიმართულად მოხდა. "ეკოგაზში" ამბობენ, რომ სადგური წლებია, უხარვეზოდ ოპერირებს და ე.წ. კომპრესორის აფეთქება განზრახ ქმედების გარეშე გამორიცხული იყო.

აფეთქების ტალღის გამო ამაშუკელის ქუჩაზე, "ეკოგაზთან" მდებარე კორპუსებში მინები ჩაიმსხვრა. ახლა მცხოვრებლები სადგურის გადატანას ითხოვენ. ამბობენ, რომ ამ მიზნით ხელმოწერების შეგროვებას დაიწყებენ.

უკმაყოფილებას სადგურის მდებარეობასთან დაკავშირებით არ იზიარებს სადგურის დირექტორი. მისი თქმით, ამაშუკელის ქუჩაზე ჯერ სადგური აშენდა, მის გარშემო კორპუსები კი - წლების შემდეგ.

აფეთქების შედეგად დაშავებული მამაკაცი, ამ დრომდე, რეანიმაციაში რჩება. გაზგასამართი სადგურის 48 წლის თანამშრომელს სხეულის 25 % დამწვარი აქვს.

აფეთქება გაზგასამართ სადგურზე გუშინ საღამოს, დაახლოებით 10 საათისთვის მოხდა. ძლიერმა ტალღამ მიმდებარე კორპუსების ფანჯრები დააზიანა. ადგილზე მობილიზებული იყო სამაშველო, სახანძრო და სასწრაფო დახმარების ბრიგადები. აფეთქების შედეგად, ამავე სადგურის თანამშრომელი დაშავდა. გამოძიება საქმეზე სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ამ ტიპის ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს. სწორედ გამოძიებით უნდა დადგინდეს, რა გახდა, რეალურად, აფეთქების მიზეზი.

დღის ამბები