18 ნოემბერი 2024,   21:44
ვრცლად
საქართველო, როგორც ტურიზმის ამომავალი ვარსკვლავი, უდიდესი გამოცემების ჩამონათვალში ხვდება

მსოფლიოს ერთ-ერთმა გავლენიანმა გამოცემამ, Forbes-მა საქართველო პოსტკოვიდურ მსოფლიოში ყველაზე დიდი ტურისტული პოტენციალის მქონე ქვეყნების ტოპ-შვიდეულში დაასახელა. სტატიაში ჩამოთვლილია "ტურიზმის ამომავალი ვარსკვლავები", რომელთაც ძალიან დიდი ტურისტული პოტენციალი გააჩნიათ. Forbes-ის საუკეთესო შვიდეულში საქართველო სლოვენიასთან, ეთიოპიასთან და ფილიპინებთან ერთად არის მოხსენიებული. ფორბსი უკვე მე-5 გამოცემაა, სადაც ბოლო 1 კვირის განმავლობაში საქართველო მოხვდა. The Washington Post, CNN, european best destinations ჩვენს ქვეყანას ყველაზე საინტერესო, მიმზიდველ და უსაფრთხო ტურისტულ წერტილად ასახელებენ.

გლობალური ტურიზმი ახლა უკვე გადარჩენისთვის იბრძვის და უდიდესი გამოცემების რეკომენდაციები საუკეთესოდ აისახება ჩამონათვალში მყოფი ქვეყნებისთვის. უფრო მეტიც, ზოგიერთი ქვეყნისთვის ეს პირველი შესაძლებლობა იქნება რეგიონალური ტურისტული ცენტრი გახდეს. Forbes-ის სტატიაში ჟურნალისტი აღწერს, თუ როგორ დაგეგმონ ტურისტებმა საქართველოში მოგზაურობა და რა უნდა გააკეთონ აუცილებლად. ავტორი მოგზაურობის დედაქალაქით დაწყებას ურჩევს. თბილისი როგორც უძველესი ეკლესიებისა და ქვაფენილით მოკირწყლული ძველი უბნების ადგილი. ასევე საუბარია საქართველოს პატარა ქალაქებზე, უძველეს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე, კურორტებზე და რა თქმა უნდა ქართული ღვინოზე.

საქართველო იმ ქვეყნების პირველ ტალღაშია, რომლებიც ტურიზმის ინდუსტრიის გახსნას დიდი სიფრთხილით იწყებს. ყველა რეკომენდაციის დაცვითა და მკაცრი პროტოკოლების გათვალისწინებით სასტუმროების კარის სტუმრებისთვის გაღებამდე რამდენიმე დღე რჩება. 8 ივნისიდან საქართველოს ყველა ქსელური თუ საოჯახო ტიპის სასტუმრო ტურისტების მიღებას დაიწყებს. თუმცა ამ ეტაპზე დიდ იმედს ქვეყნის შიდა მოგზაურობებზე ამყარებენ.

პოსტკოვიდურ პერიოდში საქართველო ტურისტების მოზიდვას ღია სივრცეებით შეეცდება, სადაც დაცული იქნება დისტანცია. ღვინის რეგიონებსა და ეროვნულ პარკები, საქართველო დედაქალაქსა და საკურორტო ქალაქებში გათვალისწინებული იქნება ყველა მიმდინარე რეკომენდაცია. რათა ქვეყანამ მსოფლიო ტურისტულ რუკაზე აღნიშნული ძალიან მნიშვნელოვანი პოზიცია შეინარჩუნოს.

ავტორი: სალომე თარხნიშვილი

დღის ამბები