საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ბექა ლილუაშვილმა სოციალურ ქსელში ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ოპოზიციის წარმომადგენლებზე ისაუბრა. მისი თქმით, ოპოზიციონერები საზოგადოების მოტყუებას ცდილობენ და შეცდომაში შეჰყავთ.
როგორც პრემიერ-მინისტრის მრჩეველი აღნიშნავს, როდესაც მთავრობა საუბრობს, რომ 2020 წლის ბიუჯეტში მთავრობა მიმდინარე ხარჯებს ამცირებს 300 მილიონი ლარით, იგულისხმება ყველა ხარჯი, რომელიც ბიუჯეტში მოცემული იყო პანდემიის დაწყებამდე.
"როგორც ჩანს, რამდენიმე დღის წინ, პარლამენტში განცდილი მარცხის ფონზე, სიცრუის ტირაჟირების ჩვეული სტრატეგია კიდე უფრო მეტად გააქტიურეს.
საქართველოს პარლამენტს საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით გათვალისწინებული პროცედურის ფარგლებში, ა/წ 1 ივნისს წარედგინა 2021 წლის ძირითადი მაკროეკონომიკური პარამეტრების და მიმართულებების სამუშაო დოკუმენტი, სადაც ასევე წარმოდგენილია განახლებული, ზოგადი, არადეტალიზებული 2020 წლის ბიუჯეტის ზოგიერთი პარამეტრი. ამას ოპოზიციის მხრიდან მოჰყვა ინფორმაციის დამახინჯებისა და მედიაში სიცრუით პოზიციონირების აქტიური მცდელობა, თითქოს მთავრობა არ აპირებს მიმდინარე ხარჯების შემცირებას 300 მლნ. ლარით.
როდესაც ვსაუბრობთ, რომ 2020 წლის ბიუჯეტში მთავრობა მიმდინარე ხარჯებს ამცირებს 300 მილიონი ლარით, ცხადია, იგულისხმება ყველა ხარჯი, რომელიც ბიუჯეტში მოცემული იყო პანდემიის დაწყებამდე.
რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს, რომ 2020 წლის ბიუჯეტის გადასახდელები აღნიშნული ცვლილებებით ჯამურად მცირდება. პირიქით, ანტიკრიზისული ღონისძიებების, სამედიცინო, საკარანტინო და სხვა საჭიროებების დაფინანსებისთვის საჭირო ხარჯების ასახვა იწვევს ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის გაზრდას, ძირითადად, მიმდინარე ხარჯების ნაწილში, მათ შორის - გაზრდილი სამედიცინო დანიშნულების საქონლისა და მომსახურების შესყიდვის, საკარანტინო ზონების მოწყობასთან დაკავშირებული ხარჯები, კომპენსაციები და სხვ.
საინტერესოა, რას იტყვის ოპოზიცია მაშინ, როდესაც პარლამენტს, რამდენიმე დღეში, ბიუჯეტის კანონში ცვლილებები წარედგინება, სადაც დეტალურად იქნება ასახული პანდემიასთან დაკავშირებული ხარჯების გარდა, ყველა სხვა მიმდინარე ხარჯის შემცირება 300 მლნ. ლარით“, - აღნიშნავს ბექა ლილუაშვილი.