პარლამენტის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოსმენა 3 საათს გაგრძელდა. კობა გვენეტაძემ საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე წლიური ანგარიში წარადგინა. სხდომას ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
"ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი რომან გოცირიძე მიიჩნევს, რომ ეროვნულმა ბანკმა საკუთარი ძირითადი ფუნქცია, როგორიცაა ფასებისა და ლარის კურსის სტაბილურობის შენარჩუნება, ვერ შეასრულა.
"უარყოფითად ვაფასებ, ვინაიდან, მთავარი ამოცანა, როგორიცაა ფასების სტაბილურობა, ეროვნულმა ბანკმა ვერ შეასრულა. ლარი იყო არასტაბილური, არასწორი, არადროული რეაგირება იყო ლარის რყევებთან დაკავშირებით. ბიზნესი იყო გაურკვეველ მდგომარეობაში და ყოველივე ამას მთავრობა ხელს უწყობდა თავისი ცუდი ბიუჯეტით და არასწორი ეკონომიკური პოლიტიკით. ლომის წილი შექმნილ ეკონომიკურ კრიზისში მიუძღვის, რა თქმა უნდა, მთავრობას, მაგრამ ეროვნულ ბანკსაც ეკისრება შესაბამისი პასუხისმგებლობა,"- განაცხადა რომან გოცირიძემ.
პარლამენტის დამოუკიდებელი წევრისთვის, დავით ჭიჭინაძისთვის მთავარი პრობლემა კომერციულ ბანკებს, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებსა და მომხმარებლებს შორის სიტუაციის დარეგულირებაა, რასაც, მისი თქმით, ეროვნული ბანკი ვერ ახერხებს.
"მთავარი ფუნქცია, რომ მათ დაარეგულირონ სიტუაცია მომხმარებლებსა და კომერციულ ბანკებსა და მიკროსაფინანსოებს შორის, ისინი ცდილობენ მაქსიმალურად თავი აარიდონ ამ პასუხისმგებლობას და ყველაფერი ისევ ამ ორი სუბიექტის ურთიერთდამოკიდებულებაზე დატოვონ. თუმცა, როდესაც ეუბნები, რომ მთავრობამ პროგრამები შეიმუშავა, რომელიც უნდა ამოქმედდეს და ხალხისთვის დახმარება უნდა იყოს გაწეული, ამაზე პასუხობენ, რომ ის არის კომერციული სტრუქტურა და მათ არ აქვთ უფლება ჩაერიონ და უკარნახონ როგორ მოიქცნენ,"- განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.
პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ აღნიშნა, რომ დეპუტატების მწვავე კითხვებთან დაკავშირებით ეროვნული ბანკის პრეზიდენტისგან ადეკვატური პასუხები მოისმინეს.
"არსებობს კრიტიკა იმ მიმართულებით, რომ ფასების ზრდა საქართველოს მოსახლეობას აწუხებს. ასევე, არის ლარის კურსთან დაკავშირებული საკითხები, მაგრამ ეს ის კითხვებია, რომელიც ტრადიციულად არის და დეპუტატებს დღესაც ჰქონდათ. ვფიქრობ, რომ ადეკვატური პასუხებიც იყო. ჩვენ, კომიტეტი მხარს ვუჭერთ საქართველოს ეროვნული ბანკის ინსტიტუციონალურ დამოუკიდებლობას და მის როლს მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნებაში და, აქედან გამომდინარე, მხარი დავუჭირეთ ანგარიშის დამტკიცებას,"- განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ ანგარიში წარადგინა. ცენტრალური ბანკის ხელმძღავნელმა ისაუბრა იმ პრობლემებზე, რაც ქვეყანაში ეკონომიკურ მდგრადობას აფერხებს. ერთ-ერთ მიზეზად გვენეტაძე დოლარიზაციას ასახელებს.