ვარკეთილში სამსაათიანი სპეცოპერაცია 45 წლის ალექსანდრე ივანოვის დაკავებით დასრულდა. ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ ის პოლიციას ჩაბარდა.
საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე სამართალდამცველები სამი საათის განმავლობაში ალექსანდრე ივანოვთან მოლაპარაკებას ცდილობდნენ. მამაკაცმა მანამდე, სანამ პოლიციას ჩაბარდებოდა, სავარაუდოდ, ფანჯრიდან იარაღი გადმოაგდო. ეს არის სანადირო თოფი, რომელსაც ადგილზე ექსპერტიზა ჩაუტარდა. ამ წუთებში სახლში ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.
ალექსანდრე ივანოვმა ჩაბარებამდე დედას დაურეკა. როგორც ლალი ივანოვი "კურიერთან" საუბრისას ამბობს, შვილმა დაურეკა და უთხრა, რომ მის სახლს სამართალდამცველებმა ალყა შემოარტყეს.
"შვილმა დამირეკა თბილისიდან და მითხრა, უნდა მომკლანო, მეშინია გარეთ გასვლისო. ჩემს სახლს ალყა შემოარტყა მილიციამო. მე ვუთხარი, რა მოხდა, რა არის-თქო. ვიყავი სახლშიო, ერთი გაისროლა თუ ეგონა რომ ისროდნენ და მაგანაც გაისროლა, ეს არ ვიცი. მეუღლე, ორი შვილი - ერთი გოგო და ბიჭი ჰყავს. ხშირად რაღაც ხდებოდა ოჯახში... მთავარი ის არის, რომ არ მოკლეს და წაიყვანა სასწრაფომ,“ - ამბობს ლალი ივანოვი.
შეგახსენებთ, შეიარაღებულმა პირმა, რომელიც არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა, რამდენჯერმე უმისამართოდ გაისროლა, ამ დროს მასთან ერთად შვილები და მეუღლე იმყოფებოდნენ, რომლებმაც უსაფრთხოდ გამოსვლა შეძლეს, ფაქტის შედეგად არავინ დაშავებულა.
პირველადი სამედიცინო დახმარება დაკავებულს ადგილზევე ჩაუტარდა, რის შემდეგაც წინასწარი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს. დაკავებულზე 2018 წელს მეუღლის მიმართ განხორციელებული სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტზე ერთი თვის ვადით შემაკავებელი ორდერი იყო გაცემული.