ვარკეთილში მომხდარ ფაქტს, რა დროსაც 45 წლის მამაკაცი უმისამართოდ ისროდა, მეზობლები იხსენებენ.
"ვიცი, რომ სროლის ნიადაგზე იყო ეს ამბავი ატეხილი და ამდენი ხნის მანძილზე ცდილობდნენ, რომ აეყვანათ ეს პიროვნება. როგორც გავიგე, იყო ნასვამი. ახლა გავიგე, რომ მონადირეც ყოფილა და ამიტომ ჰქონდა იარაღი,“ - ამბობს ერთ-ერთი მეზობელი.
45 წლის მამაკაცი კახეთიდან არის. "კურიერის“ გადამღები ჯგუფი კახეთში იმყოფებოდა, სადაც ალექსანდრე ივანოვის მეზობლებს ესაუბრა.
მამაკაცს მეზობლები ამბობენ, რომ რაიმე საეჭვო ან კონფლიქტური მისგან არაფერი ახსენდებათ.
ადგილობრივებისთვის გაუგებარია, რატომ ჩაიდინა 45 წლის მამაკაცმა მსგავსი ქმედება.
"აქ აღარ ჩამოდის წლებია, 20 წელი იქნება, აქ აღარ აქვს ურთიერთობა. ბიჭებისგან ვიცოდი, რომ თბილისში მუშაობდა, სანტექნიკი იყო და ბინებში მონტაჟს აკეთებდა. ვერ წარმომიდგენია, ეს რანაირად ჩაიდინა. ჭკვიანი ბიჭი იყო, მაგის ზედმეტი უბანში არ გაგვიგია,“ - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.
შეგახსენებთ, რომ შემთხვევა ვარკეთილში მოხდა. 45 წლის მამაკაცმა რამდენჯერმე უმისამართოდ გაისროლა, გავრცელებული ინფორმაციით, გასროლა მოხდა შვილების მიმართულებითაც. შემთხვევის შედეგად არავინ არ დაშავებულა.
ტერიტორიაზე სამართალდამცველები დღის პირველ საათზე მივიდნენ და საცხოვრებელ კორპუსს ალყა შემოარტყეს. ალექსადნრე ივანოვთან პოლიცია სამი საათის განმავლობაში მოლაპარაკებას ცდილობდა, რის შემდეგაც ის სამართალდამცველებს ჩაბარდა.
ადგილზე მობილიზებული იყო მძიმე ტექნიკა, ასევე სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლები, თუმცა მათი ჩარევა საჭირო არ გამხდარა.