რამდენ ხანში ერთხელ უნდა გამოვცვალოთ ნიღაბი? - დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, ნიღბის გამოცვლა საჭირო და რეკომენდირებულია 3-4 საათში ერთხელ.
"ნიღაბი საყოფაცხოვრებო პირობებში დაახლოებით, 3-4 საათში ერთხელ უნდა იცვალოთ. თუ შიგნიდან ძალიან დასველდა, მაშინ უფრო ადრეც. მინდა დავაზუსტო, როდესაც ვსაუბრობ საყოფაცხოვრებო ნიღაბზე, აქ საუბარი არ არის სამედიცინო ნიღაბზე, რომლითაც ქირურგები ხანდახან 24 საათი ოპერაციას აკეთებენ. აქ საუბარია ჩვეულებრივ ორშრიან ნიღბებზე, მაგალითად ასეთი არის დოლბანდის ნიღაბი," - აღნიშნა პაატა იმნაძემ "ღამის კურიერში" საუბრისას.
მისივე თქმით, კვლავ აუცილებელი რეკომენდაციაა ასევე ხელების დაბანა. როგორც პაატა იმნაძე ამბობს, თუ საპონი და სპირტი არაა, მაშინ საჭიროა სპირტის შემცველი ხსნარით ხელების დამუშავება.