რასობრივი დისკრიმინაციის ფაქტზე დაწყებული გამოძიების ინტერესის ერთ-ერთი მთავარი საგანი, ნარიმან ნარიმანოვის ძეგლია. კონკრეტულად კი პოზიციები, რომლებიც სხვადასხვა პირებმა მარნეულში არსებულ ძეგლთან დაკავშირებით გამოთქვეს. სუსში ოთხსაათიანი დაკითხვის შემდეგ, მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველოს შეიხმა დაადასტურა, რომ უწყება სწორედ ამ თემით არის დაინტერესებული.
მირთაგი ასადოვის დაკითხვას "ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის" იურისტიც ესწრებოდა. ქეთი ჩუთლაშვილი გაუთქმელობაზე ხელის მოწერიდან გამომდინარე არ აკონკრეტებს, ჰყავს თუ არა უწყებას გამოვლენილი კონკრეტული პირები, რომლებიც ორ რეგიონში ეთნიკური შუღლის გაღვივებას ცდილობენ და არის თუ არა მათ შორის მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი მეუფე გიორგი. 25 მაისს სასულიერო პირმა საკვირაო ქადაგებაზე ხელისუფლებას ნარიმან ნარიმანოვის ძეგლის დემონტაჟი მოსთხოვა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში სულ რამდენიმე წუთის განმავლობაში იმყოფებოდა საქმეზე დაბარებული კიდევ ერთი პირი. "ახალი საქართველოს" მარნეულის ორგანიზაციის თავმჯდომარემ უწყებაში დაკითხვაზე უარი განაცხადა. თუმცა ფუად გახრამანოვი მზად არის, კითხვებს მოსამართლის წინაშე უპასუხოს. პოლიტიკოსი უწყებაში დაბარებას ზეწოლად აფასებს.
საქმეზე უკვე არაერთი პირი დაიკითხა. მათ შორის არის მარნეულის მერი ზაურ დარგალი, ასევე სამოქალაქო აქტივისტები მარნეულიდან. სუსში იმყოფებოდა ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრი დავით ქაცარავაც. მასთან საგამოძიებო უწყების თანამშრომლებს კითხვები დავით გარეჯთან დაკავშირებით ჰქონდათ.
სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოში არსებობენ პირთა ჯგუფები და მოქალაქეები, რომლებიც ცდილობენ ქვემო ქართლის და კახეთის რეგიონში ეთნიკურ ქართველებსა და აზერბაიჯანელებს შორის შუღლის გაღვივებას. სწორედ მათ საქმიანობას იძიებს სუსი რასობრივი დისკრიმინაციის მუხლით.