18 ნოემბერი 2024,   21:38
ვრცლად
ევროპაში რთულ ეპიდსიტუაციაა, ბრაზილიაში კი დაღუპულთა რიცხვი 35 000-მდე გაიზარდა

მადრიდში ერთ-ერთი მთავარი ტურისტული ღირსშესანიშნაობა, პრადოს მუზეუმი კვლავ ღიაა. მუზეუმი მარტში ესპანეთის ხელისუფლების მიერ გამოცხადებული კარანტინის გამო დაიხურა, ობიექტმა მუშაობა შეზღუდული შესაძლებლობებით განაახლა. გაიხსნა საგამოფენო სივრცეების ნაწილი.

მუზეუმი ერთ დღეში მხოლოდ 1800 ვიზიტორის მიღებას შეძლებს. აღსანიშნავია, რომ ტურისტულად დატვირთულ პერიოდში პრადოს მუზეუმს ერთ დღეში 15 ათასამდე მნახველი სტუმრობდა.

იტალიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში "კოვიდ-19"-ით 72 ადამიანი გარდაიცვალა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 270 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. იტალიის მოსახლეობა შეზღუდვების ეტაპობრივად მოხსნას აპროტესტებს და პრემიერ მინისტრის გადადგომას მოითხოვს, აღნიშნულის მოთხოვნით გუშინ გამართული საპროტესტო აქცია პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა.

ბრაზილიაში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 30 ათზე მეტი ახალი შემთხვევა დადასტურდა და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 645 ათას გადააჭარბა. ქვეყანაში კოვიდ 19-ს კიდევ 1 005 ადამიანი შეეწირა და დაღუპულთა რაოდენობა 35 000-ს გასცდა.

ცნობისთვის, "ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის" მონაცემების თანახმად, ორი დღის წინ ბრაზილიამ კორონავირუსის მსხვერპლთა რაოდენობით იტალიას გადაუსწრო და მსოფლიოში მესამე ქვეყანა გახდა აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის შემდეგ.

ბრაზილიის პრეზიდენტი ჟაირ ბოლსონარუ აცხადებს, რომ ბრაზილიაში საკმაოდ მძიმე ეპიდსიტუაციაა.

"ბრაზილიაში კოვიდ-19-ის თვალსაზრისით მძიმე ვითარებაა, შეერთებულმა შტატებმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას დაფინანსება შეუწყვიტა, თავის მხრივ ამ ორგანიზაციამ შეწყვიტა ჰინდროქსილქლოროქინზე კვლევების წარმოება, ჩვენ კი არ ვიცით როგორ მოვიქცეთ, გამოვიყენოთ ეს პრეპარატი პაციენტებზე სამკურნალოდ თუ არა, პოლიტიკური გარჩევების ფონზე ქვეყანაში უამრავი ადამიანი ინფიცირდება,"- ამბობს ჟაირ ბოლსონარუ.

დღის ამბები