18 ნოემბერი 2024,   21:39
ვრცლად
სანდოა თუ არა TikTok - ჩინურ სოციალურ ქსელს მომხმარებლების პირადი მონაცემების უკანონოდ შენახვასა და გავრცელებაში ადანაშაულებენ

რამდენად უსაფრთხოა ჩვენი ადგილმდებარეობის კონფიდენციალობა, სმარტფონში არსებული ფოტო და ვიდეომასალა - სპეციალისტები ამბობენ, რომ ჩინური სოციალური ქსელი "ტიკ-ტოკი" ამას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში აცხადებენ, რომ ინტერნეტპლატფორმა, რომელიც თითქოს პოზიტიური ემოციების გაცვლას ემსახურება, სინამდვილეში გაცილებით დიდი საფრთხის მატარებელია. საუბარია მომხმარებლების პირადი მონაცემების უკანონოდ შენახვასა და გავრცელებაზე.

სპეციალისტები აცხადებენ, რომ საფრთხის მატარებელია ნებისმიერი აპლიკაცია, რომელსაც აქვს წვდომა მომხმარებლის კერძო ინფორმაციასთან. მათი განცხადებით, შესაძლოა ნებისმიერი ფაილის მისაკუთრება, რომელიც არამხოლოდ ჩვენს მობილურ ტელეფონში არამედ პერსონალურ კომპიუტერში ინახება. დაუცველია ასევე ნებისმიერი საიდენტიფიკაციო სახელი და პაროლი, რომელსაც სხვადასხვა აპლიკაციასთან დასაკავშირებლად ვიყენებთ, მათ შორის - საგადასახადო პროგრამებთან.

კიბერუსაფრთხოების ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ ერთი შეხედვით უწყინარი აპლიკაციის მიღმა უფრო დიდი საფრთხე იმალებოდეს. კერძოდ, თუკი არსებობს წვდომა მომხმარებლის პირად მონაცემებზე, შესაძლოა ზეგავლენის მოხდენა საზოგადოებრივ აზრზეც. სწორედ ამას უკავშირდება, დავით ძიძიშვილის აზრით, არაერთი სარჩელი, რომელიც "ტიკ-ტოკის" წინააღმდეგ ამერიკულმა მხარემ მოამზადა.

სოციალური პლატფორმა "ტიკ-ტოკი" შექმნის დღიდან არაერთ სკანდალში გაეხვა. უკანასკნელი - 13 წლამდე ბავშვების პირადი მონაცემების უკანონოდ შენახვას და გავრცელებას ეხება. ამის გამო ჩინური კომპანია 6 მილიონი დოლარით დააჯარიმეს. არაერთის სარჩელი ეხება ძალადობის ან სიცოცხლისთვის საშიში კონტენტის არსებობას, რომლის წაშლასაც სოციალური ქსელის შემქმნელები ამ დრომდე არ ჩქარობენ. უკმაყოფილების კიდევ ერთი ტალღა "ტიკ-ტოკში" აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების დამოუკიდებელ რესპუბლიკებად მოხსენიებას მოჰყვა. საკითხი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ჩარევის შემდეგ ამოიწურა.

დღის ამბები