18 ნოემბერი 2024,   21:46
ვრცლად
"ის რაც ხდება, არის მართული, შუღლს ვგულისხმობ, მგონია ამის უკან დგანან რუსეთის სპეცსამსახურები" - ზუმრუდ ყურბანოვი

რასობრივი დისკრიმინაციის ფაქტზე სუსში გამოძიება გრძელდება. მოწმის სტატუსით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მარნეულის არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები დაიბარეს. 

ცოტა ხნის წინ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არასამთავრობო ორგანიზაცია "გეირათის" თავმჯდომარემ, ზუმრუდ ყურბანოვმა დატოვა. მისი განცხადებით, გამომძიებელს კითხვები ჰქონდა მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, ასევე ნარიმან ნარიმანოვის ძეგლის შესახებ. 

"გაუთქმელობას მოვაწერე ხელი. შემიძლია გითხრათ, რომ გამომძიებლები პროფესიონალები არიან და გამოძიება მაღალ დონეზე მიმდინარეობს. ჩვენგან ამომწურავი პასუხები მიიღეს. გამოკითხვა 2 საათს გაგრძელდა მაგრამ შეკითხვების შესახებ ვერ ვისაუბრებ. დამრჩა შთაბეჭდილება, რომ სამართალდამცველებს სიტუაციის გარკვევა სურთ ობიექტურად. მიმაჩნია, რომ ის, რაც ხდება, არის მართული. შუღლს ვგულისხმობ. მგონია, რომ ამის უკან დგანან რუსეთის სპეცსამსახურები. მათ სურთ ურთიერთობების დაძაბვა. ძლიერი და დამოუკიდებელი საქართველო ბევრს არ აწყობს,“ - განაცხადა სამოქალაქო აქტივისტმა,        "​ატა ჰოლდინგის“ დირექტორმა, არასამთავრობო ორგანიზაცია "გეირათის" თავმჯდომარემ ზუმრუდ ყურბანოვმა.

გამოკითხვაზე შევიდა ​"ბერჩალი ირილოს" საზოგადოებრივი კავშირის თავმჯდომარე მაჰაბატ იმანოვიციმანოვმა საგამოძიებო უწყებაში შესვლის წინ განაცხადა, რომ გამოძიებას კითხვები ორ საკითხთან დაკავშირებით ჰქონდა. 

"რამდენიმე დღის წინ დამირეკეს სუსიდან, მითხრეს, რომ 2 საკითხთან დაკავშირებით სურდათ ჩემი დაკითხვა. ერთი საქართველოსა და აზერბაიჯანის მეგობრობას უკავშირდება, მეორე ნარიმან ნარიმანოვის ძეგლს. ბოლო დროს გარკვეული ჯგუფები ქართველ და აზერბაიჯანელ ხალხს შორის არსებული ურთიერთობების დაძაბვას ცდილობენ," - აცხადებს "ბერჩალი ირილოს" საზოგადოებრივი კავშირის თავმჯდომარე მაჰაბატ იმანოვი.

ადვოკატ ალი ბადიროვის განცხადებით, განვითარებულ მოვლენებში არ იკვეთება ეთნიკურად აზერბაიჯანელების მხრიდან რაიმე რასობრივი დისკრიმანციის დანაშაული.

"აზერბაიჯანულ სამყაროში ეს ისე აღიქმება, თითქოს ნარიმან ნარიმანოვის მიმართ არის პრეტენზია იმიტომ, რომ ის არის ეთნიკურად აზერბაიჯანელი. არგუმენტად ყველა აზერბაიჯანელს მოჰყავს სტალინის ძეგლის საქართველოში არსებობა," - ამბობს ალი ბადიროვი.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები