25 აპრილი 2024,   20:44
ვრცლად
ქცევითი პრობლემების მქონე და გარკვეული აუტისტური სპექტრის ადამიანებისთვის პირბადის ტარება შესაძლოა ხელის შემშლელი ფაქტორი აღმოჩნდეს - რატი იონათამიშვილი

კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის პირბადის ტარების ვალდებულების შესახებ დღეს პარლამენტში მსჯელობდნენ. ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე რატი იონათამიშვილმა საკითხის განხილვისას შშმ პირების თემა წამოჭრა და აღნიშნა, რომ პირბადის ტარების აუცილებლობა შესაძლოა გარკვეულ შემთხვევაში შშმ პირებისთვის დისკომფორტის შემცველი აღმოჩნდეს.

"ამ პერიოდში მე ძალიან აქტიური კომუნიკაცია მქონდა შშმ პირების უფლებადამცველებთან. შშმ პირებისთვის, ქცევითი პრობლემების და სხვადასხვა აუტისტური სპექტრის მქონე ადამიანებისთვის შესაძლოა პირბადის ტარება ხელისშემშლელი ფაქტორი აღმოჩნდეს. ამ რეგულაციებით, რაც დღეს გვაქვს, შშმ პირებს არ ექნებათ საშუალება სხვადასხვა მომსახურეობა მიიღონ,"- განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის გუგული მაღრაძის  თქმით კი, ასევე პირბადის ტარებით შესაძლოა პრობლემები შეექმნათ გარკვეული დაავადების მქონე ადამიანებს. გუგული მაღრაძემ მაგალითად ასთმის მქონე ადამიანები დაასახელა და აღნიშნა, რომ მათ  პირბადის ტარება გაუჭირდებათ.

მისივე თქმით, უნდა შემუშავდეს გარკვეული სახის კრიტერიუმები.

"ადამიანი, რომელსაც აქვს ასთმა და პირბადის გარეშე იქნება, ის არ დაჯარიმდება, თუმცა ამის კრიტერიუმები უნდა გვქონდეს, რომ განვსაზღვროთ ეს ყველაფერი,"- აღნიშნა გუგული მაღრაძემ.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ანრი ოხანაშვილის განცხადებით კი, ჯანმრთელობის გარკვეული პრობლემების მქონე ადამიანებს უნდა ჰქონდეთ საშუალება, რომ დაჯარიმება გაასაჩივრონ.

მისივე თქმით, ასეთი პირებისთვის პირბადის ტარების აუცილებლობა დამატებითი რეკომენდაცია უნდა იყოს და არა ვალდებულება.

"ეს უნდა იყოს რეკომენდაციებში გათვალისწინებული და უნდა შემუშავდეს გარკვეული წესები. ასეთი ტიპის ადამიანებთან ხომ არ იქნება უკეთესი, რომ რაიმე სახის ცნობები გაიცეს. თუ არასწორად მოხდება ჯარიმების გამოწერა, შშმ პირებს ექნებათ საშუალება, გაასაჩივრონ თავიანთი ჯარიმები,"- განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

დღის ამბები