18 ნოემბერი 2024,   21:43
ვრცლად
საცხოვრებელი ბინები, მიწები და ბიზნესები - როგორ გაიზარდა ბერობის პერიოდში მიტროპოლიტ ვახტანგ ლიპარტელიანის ქონება

საცხოვრებელი ბინები, სახლები, მიწები და ბიზნესები - როგორ გაიზარდა ნიკორწმინდელი მიტროპოლიტის, ვახტანგ ლიპარტელიანის, ქონება ბერობაში და შემდეგ პერიოდში.

ირკვევა, რომ სასულიერო პირი წილებს ფლობს კომპანია "ევრომოტორსში," რომელიც ავტომობილებითა და სათადარიგო ნაწილებით ვაჭრობს. კომპანია "ბარაკონში" კი 55 პროცენტის მფლობელია.

საჯარო რეესტრის თანახმად, კომპანიას შეუძლია ნებისმიერი საქმიანობა აწარმოოს. გარდა ამისა, სასულიერო პირი ხელმძღვანელობს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივ "ჭელიშს." ამ ორგანიზაციის საქმიანობა მეფუტკრეობასთან, მევენახეობასა და მეფრინველეობასთანაა დაკავშირებული.

"აი ფაქტის" ჟურნალისტი მანანა ღოღობერიძე აცხადებს, რომ მიტროპოლიტ ვახტანგს ბერად აღკვეცის შემდეგაც აქვს სხავდასხვა ბიზნესი და ასევე, უძრავი ქონება, მიუხედავად იმისა, რომ სჯულის კანონის მიხედვით, ბერს არ აქვს უფლება რაიმე სახის ბიზნესსაქმიანობა აწარმოოს.

"ეპისკოპოსებს, რომლებიც ბერად არიან აღკვეცილი და ბერი ვახტანგი ნამდვილად არის ბერი, ეკრძალებათ ჰქონდეთ რაიმე ტიპის უძრავი ქონება. მათ არ აქვთ უფლება ბიზნესსაქმიანობაში იყვნენ ჩართული. მათივე სჯულის კანონის მიხედვით, თუ სასულიერო ცხოვრებამდე მათ ჰქონდათ რაიმე ბიზნესი, ან უძრავი ქონება, უნდა გაასხვისონ. თუმცა, მეუფე ვახტანგს ეს არ გაუკეთებია. მეუფე ვახტანგმა ეპისკოპოსობის შემდეგ დაიწყო სხვადასხვა ბიზნესსაქმიანობა. 25 მილიონი, რომელიც საპატრიარქოს ბიუჯეტიდან ერიცხება, ეს ყველამ იცის, თუმცა სინოდის წევრები მათი სტატუსით სარგებლობენ და გვინდა საზოგადოებას ვუთხრათ, რამხელა ქონებას ფლობენ ისინი,"- განაცხადა მანანა ღოღობერიძემ.

ყოფილი მღვდელმსახური ანდრია სარია აცხადებს, რომ ბერობის შემდგომ შეძენილი ნებისმიერი სახის ქონება ეკლესიის საკუთრებაში გადადის.

მისი თქმით, აუცილებელია საპატრიარქოში აუდიტის სამსახური შევიდეს.

"რამდენიმე თვეა ვითხოვ, რომ საპატრიარქოში აუდიტი შევიდეს. საეკლესიო ქონება უმეტეს შემთხვევაში პირად საკუთრებად არის გაფორმებული. ამ ადამიანებს არ აქვთ შიში. ეპისკოპოსად შემდგარი ადამიანი უკვე ბერია. ბერობის შემდგომ შეძენილი ნებისმიერი ქონება ითვლება ეკლესიის ქონებად,"- განაცხადა ანდრია სარიამ.

 

 

დღის ამბები