ფიზიკური ანგარიშსწორება, რომელიც ორი პირის დაჭრით დასრულდა, დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ გამარჯვებაში გვიან ღამით მოხდა. დანაშაულს თვითმხილველები თითქმის არ ჰყავს. საკრებულოს წევრმა "ქართული ოცნებიდან" გიორგი ჭინჭარაულმა, თანასოფლელებს დაზიანებები ცივი იარაღით გულ-მკერდისა და მუცლის არეში მიაყენა, ფაქტის შემდეგ გაქცევა არ უცდია და ის სამართალდამცველებმა ადგილზევე დააკავეს, ამოღებულია დანაშაულის ჩადენის იარაღიც - დანა.
ფიზიკური ანგარიშსწორების დეტალები არ იციან ადგილობრივ მუნიციპალიტეტში, მხოლოდ იმას ამბობენ, რომ ბრალდებული თავს იცავდა და დანის გამოყენება იძულებითი მოგერიება იყო.
რატომ გაუსწორდა ფიზიკურად გიორგი ჭინჭარაული ახალგაზრდა ძმებს, მიზეზებზე არც დაჭრილების ოჯახის წევრები ლაპარაკობენ, თუმცა წარსულში არსებულ უთანხმოებას კატეგორიულად გამორიცხავენ.
წარსულში უთანხმოებას კატეგორიულად გამორიცხავს ასევე ბრალდებულის დაც, რომელსაც კამერებთან საუბარი არ სურს, თუმცა "კურიერთან" სატელეფონო საუბარში ამბობს, რომ მისი ძმა ნასვამი არ იყო და სხეულზე მრავლობითი დაზიანებები მასაც აქვს.
ურთიერთშელაპარაკება - ეს გამოძიების ვერსიაა, თუმცა "კურიერის" ინფორმაციით, ძმებმა ჭინჭარაულებმა, ბრალდებულს გარკვეულ პირებთან მეგობრობის გამო უსაყვედურეს. კამათი საკრებულოს წევრსა და თანასოფლელებს შორის სასაფლაოზე დაიწყო და სოფლის ცენტრში დაჭრით დასრულდა.
ამ დრომდე საყურადღებოა დაჭრილი ძმების ჯანმრთელობის მდგომარეობა. მიყენებული ჭრილობის სიმძიმის გამო ისინი კახეთიდან თბილისში გადმოიყვანეს და ამ დრომდე რეანიმაციულ განყოფილებაში რჩებიან.
გამოძიება 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს და ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ბრალდებულ საჯარო მოხელეს 7-დან 13 წლამდე პატიმრობა ემუქრება.