18 ნოემბერი 2024,   21:50
ვრცლად
ვის არ დაუშვებენ ეროვნულ გამოცდებზე - 55 ათასზე მეტი აბიტურიენტისთვის 24 საგამოცდო ცენტრი იმუშავებს

COVID - 19-ის პანდემიის პირობებში ეროვნული გამოცდების განრიგი და წესები შეიცვალა. გამოცდები აბიტურიენტებისთვის 6-დან 25 ივლისის ჩათვლით ჩატარდება. 25 ივლისს გაიმართება საგრანტო კონკურსი. 1-დან 4 აგვისტოს ჩათვლით კი სამაგისტრო გამოცდები.

გამოსაცდელებმა გამოცდაზე უნდა იქონიონ ე.წ. ტუშის კალმებთან ერთად, სამედიცინო პირბადეებიც. თუმცა ეს ნივთები ადგილზეც დაურიგდებათ. რეგისტრაციისას ასევე უნდა ჰქონდეთ საგამოცდო ბარათი და პირადობის დამადასტურებელი მოწმობა. გამოცდაზე შესვლამდე ყველა გაივლის თერმოსკრინინგს.

საგამოცდო სივრცეც წელს პანდემიის პირობებში გაცემული რეკომენდაციების შესაბამისია. მერხებს შორის იქნება დისტანცია და მაგიდაზე დამონტაჟებული დამცავი ფარი. ოთახში დაიშვება მხოლოდ 10 გამოსაცდელი და 2 დამკვირვებელი.

გამოცდაზე არ დაიშვებიან და წლის გამოტოვება მოუწევთ კოვიდინფიცირებულებს და 37,5 ზემოთ ტემპერატურის მქონე აბიტურიენტებს ძლიერი სიმპტომებით. ვისაც ვირუსის დამახასიათებელი ნიშნები ექნება, გამოცდამდე 2-3 დღით ადრე, უნდა ჩაიტაროს PCR ტესტირება, რომელიც უფასო იქნება. იმ გამოსაცდელებს კი ვისაც მსუბუქი სიმპტომები და ტემპერატურა აღენიშნებათ, შეამოწმებენ ექიმები და შესაბამისი რეკომენდაციით გამოცდას ჩააბარებენ სპეციალურ იზოლირებულ საგამოცდო სივრცეში.

წელს ეროვნულ გამოცდებს კიდევ ერთი დისკომფორტი ახლავს, პანდემიის პირობებში არსებული რეკომენდაციების თანახმად, საგამოცდო სივრცეში არ იქნება ჩართული გაგრილების სისტემა.

ეროვნული გამოცდები 2020-სთვის, რომელიც პანდემიის პირობებში უნდა ჩატარდეს, შეიქმნა სპეციალური საგამოცდო საბჭო, რომელიც შესაბამისი უწყებებით არის დაკომპლექტებული. საქართველოს მაშტაბით, 24 საგამოცდო ცენტრი იმუშავებს. გამოცდების ჩასაბარებლად რეგისტრირებულია 55 ათასზე მეტი აბიტურიენტი და სტუდენტი.

დღის ამბები