პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის სხდომას, სადაც კორექტირებული ბიუჯეტის პროექტს განიხილავდნენ, ოპოზიციის წარმომადგენლები არ დაესწრნენ.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის, რომან გოცირიძის შეფასებით, ბიუროკრატიული ხარჯების შემცირების ხარჯზე, ბიუჯეტი, სულ მცირე, 1 მილიარდი ლარით უნდა შემცირებულიყო.
"ეს ბიუჯეტი არის აღებული ვალის, 5 მილიარდის ფლანგვა. ბიუჯეტი, სულ მცირე 1 მილიარდი ლარით უნდა შემცირებულიყო, ის უსარგებლო მეორეხარისხოვანი, კორუფციული ხარჯები, რომლებიც იყო ჩადებული წინა ბიუჯეტში. 600 მილიონით შერმცირდაო, რომ ამბობენ - შემცირდა მექანიკურად, 100 მილიონი არის წარმომადგენლობითი ხარჯები, მივლინებები და ვერ ივლიან,"-განაცხადა რომან გოცირიძემ.
ერთადერთი ოპოზიციონერი, რომელიც სხდომას დაესწრო, დამოუკიდებელი დეპუტატი კობა ნარჩემაშვილია, რომელმაც ბიუჯეტის პროექტს მხარი არ დაუჭირა.
"მიუხედავად იმისა, რომ ბევრი პრობლემა ობიექტური მიზეზებითაა გამოწვეული, ჩემთვის დასაბუთებული არ იყო ბევრი მონაცემი, განსაკუთრებით ინფლაციასთან მიმართებაში. ვალების მომსახურება, განსაკუთრებით საგარეო ვალების მომსახურება ჩვენ ძალიან მძიმე ტვირთად დაგვაწვება. მით უმეტეს, მომავალში ორ მილიარდიანი ბიუჯეტის დეფიციტის ფონზე. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ამ ბიუჯეტისთვის არ შემეძლო მხარის დაჭერა,"-განაცხადა კობა ნარჩემაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ დღეიდან საქართველოს პარლამენტის კომიტეტებში ანტიკრიზისული ბიუჯეტის პროექტის განხილვები დაიწყო. COVID -19-ის გამო მთავარ საფინანსო დოკუმენტში ცვლილებებია. მსოფლიო პანდემიის გამო 14 ნახევარი მილიარდის ნაცვლად, წელს თითქმის 16 მილიარდი დაიხარჯება. პანდემიამ ეკონომიკის ზრდის ტემპიც შეაჩერა - პროექტის მიხედვით, 2020 წელი მინუს 4%-იანი ეკონომიკის ზრდით დასრულდება. 6%-ზე მეტით პროგნოზირებენ ექსპორტის შემცირებას; 6%-ით გაიზრდება ბიუჯეტის დეფიციტი. შემცირებულია შემოსავლებიც - მილიარდ 800 მილიონით და ხარჯები 600 მილიონით.