მე-17 პენიტენციურ დაწესებულებაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ომბუდსმენი მონიტორინგის ანგარიშს აქვეყნებს. ანგარიშის მიხედვით, მსჯავრდებულები არ არიან უზრუნველყოფილი კანონით გათვალისწინებული პირადი ფართით, საკნებში ფიზიკური დისტანცირება და სანიტარული პირობების სათანადო დაცვა შეუძლებელია.
ომბუდსმენის აპარატის შეფასებით, ინფექციის კონტროლის თვალსაზრისით გამოწვევაა მრავალადგილიანი საკნები. ანგარიშში აღნიშნულია, რომ დაწესებულებაში პატიმართა რაოდენობა უნდა შემცირდეს და ინფექციის კონტროლის ეფექტიანი ზომები გატარდეს.
დოკუმენტი უკვე გაუგზავნეს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურ დირექტორს. სახალხო დამცველი ითხოვს ინფორმაციის წარმოდგენას რეკომენდაციების განხილვისა და შესრულების შესახებ.