18 ნოემბერი 2024,   21:37
ვრცლად
სასტიკად გამისწორდნენ, ვყვიროდი, მიშველეთ-მეთქი, ჩემი მიზანი განზრახ მკვლელობა არ ყოფილა, თავს ვიცავდი - გიორგი ჭინჭარაული

დედოფლისწყაროს საკრებულოს წევრს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. "ქართული ოცნების" დეპუტატს მკვლელობის მცდელობაში ადანაშაულებენ.

დაცვა 5 000 ლარიან გირაოს ითხოვდა, რაც მოსამართლემ არ გაითვალისწინა. მომხდარის შესახებ ისაუბრა თავად ბრალდებულმა.

გიორგი ჭინჭარაულმა მომხდარის საკუთარი ვერსია მოყვა. აღიარა, რომ ჩხუბის დროს გამოიყენა დანა, თუმცა თქვა, რომ ის თავს იცავდა.

ბრალდებული გიორგი ჭინჭარაული სასამართლო პროცესზე 10 წუთის განმავლობაში ამტკიცებდა, რომ მკვლელობის განზრახვა არ ჰქონია.

ბრალდებული აცხადებს, რომ სასტიკად გაუსწორდნენ ძმები ჭინჭარაულები.

"ბავშვთან ერთად ვიყავი მაღაზიაში და მომმართა, შენ იმ ბიჭებთან რა ურთიერთობა გაქვსო. შარზე იყო. შემაგინა და ხელი დამარტყა, დანა მაშინ მქონდა ჯიბეში და თავიდანვე რომ მდომოდა დაჭრა, გამოვიყენებდი. გზაში შემხვდნენ მერე და "კლუჩი" ჩამარტყეს თავში. ჩხუბი გაგრძელდა დიდხანს. თუ ვინმე შეესწრო, ყველა იტყვის, რომ სასტიკად დამესხნენ თავს და ვყვიროდი, მიშველეთ-მეთქი და დავიწყე უკვე მოგერიება,"- განაცხადა გიორგი ჭინჭარაულმა.

ბრალდებულის ადვოკატი კი ამტკიცებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი უდანაშაულოა და მხოლოდ თავდაცვა იყო გიორგი ჭინჭარაულის მიზანი.

შეგახსენებთ, რომ ინციდენტი დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ გამარჯვებაში 7 ივნისს მოხდა. გამოძიების ინფორმაციით, საკრებულოს წევრმა გიორგი ჭინჭარაულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ორ თანასოფლელს ცივი იარაღით სხეულზე მრავლობითი ჭრილობები მიაყენა. ის მალევე დააკავეს.

დღის ამბები