56 წლის გოდერძი თუთარაულს, რომელიც ახლა საპატიმროში იმყოფება, უმძიმეს დანაშაულს ედავებიან. შუახნის მამაკაცი გარყვნილ ქმედებაში არასრულწლოვანმა ნათესავმა ამხილა. 13 წლის მოზარდის ჩვენების მიხედვით ირკვევა, რომ ის, სავარაუდო მსხვერპლი მაშინ გახდა, როცა შიდა ქართლის ერთ-ერთ სოფელში მამიდასთან სტუმრად მიდიოდა.
საქმის მასალების მიხედვით დგინდება, რომ ბრალდებული მამაკაცი გორში ცხოვრობს და სხვადასხვა სოფელში ვაჭრობდა. დანაშაული კი იმ დღეს მოხდა, როდესაც ნათესავებმა არასრულწლოვნის ოჯახის ახლობელთან წაყვანა სთხოვეს. გოდერძი თუთარაულს იმ დღეს იქ უნდა ემუშავა, სადაც დაზარალებული ბავშვის მამიდა ცხოვრობს. წინასწარი შეთანხმების მიხედვით, იმ დღესვე ბავშვი შუახნის მამაკაცს ისევ გორში, საკუთარ სახლში უნდა დაებრუნებინა.
დღის ბოლოს 13 წლის გოგონამ საკუთარ ბებიასთან თქვა, რომ ავტომობილით გადაადგილების დროს ის ძალადობის მსხვერპლი გახდა. საქმეში მონაწილე მხარეები ერთმანეთის მეზობლადაც ცხოვრობენ. იმის გამო, რომ დანაშაული არასრულწლოვანს უკავშირდება, ბავშვის ინტერესიდან გამომდინარე, დაზარალებული ოჯახი დუმს.
დაკავებული დანაშაულს არ აღიარებს და ამბობს, რომ ისტორია გამოგონილია. დაცვის მხარე სასამართლოში საქმის განხილვის დაწყებას ელოდება. საკმარისი მტკიცებულებების არარსებობის გამო, ადვოკატი გამამართლებელ განაჩენს პროგნოზირებს.
საქმეში მხოლოდ ორი პირდაპირი მოწმეა. ბრალდებულის წინააღმდეგ ჩვენება არასრულწლოვანმა საპროცესო წარმომადგენლის თანდასწრებით მისცა. მას კიდევ ერთხელ მოუწია გაეხსენებინა გზა, როცა მისივე მტკიცებით გარყვნილ ქმედებაში მონაწილეობას აიძულებდნენ.
უცნობია, საკმარისი იქნება თუ არა მოსამართლისთვის ერთი პირდაპირი და რამდენიმე ირიბი მოწმის ჩვენება იმის დასამტკიცებლად, ამბობს თუ არა სიმართლეს მოზარდი, რომელიც ძალადობაში 56 წლის კაცს ადანაშაულებს.