10 სექტემბერი 2026,   00:12
ვრცლად
თარაშ კანდელაკს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

თარაშ კანდელაკს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. მოსამართლე გერმანე დადეშქელიანმა ბრალდების მხარის  შუამდგომლობა დააკმაყოფილა. პროკურორ ია მეფარიშვილის განმარტებით ამის საფუძველს აძლევს ის, რომ ბრალდებულს არაერთხელ აქვს საქართველოს საზღვარი გადაკვეთილი შესაბამისად არსებობს მისი მიმალვის შესაძლებლობა. მისი განცხადებით მოწმეებზე  ზეწოლისა და დამატებითი საფრთხის თავიდან აცილების მიზნით სწორედ პატიმრობა უნდა ყოფილიყო გამოყენებული. მაისური რომელიც თარაშ კანდელაკს იმ ღამით ეცვა დაიკარგა. გამოძიებამ ვერც მის მობილურ ტელეფონს მიაგნო. პროკურორის ინფორმაციით, ბრალდებულს არ გამოუჩენია გამოძიებასთან თანამშრომლობის სურვილი.

"იმისთვის რომ გამოძიება ობიექტურად წარიმართოს და მას ხელი არ შეეშალოს, ერთადერთი ადეკვატური ღონისძიება პატიმრობაა," - განაცხადა პროკურორმა ია მეფარიშვილმა. 

ბრალდების შუამდგომლობას არ დაეთანხმა დაცვის მხარე. თარაშ კანდელაკის ინტერესებს 5 ადვოკატი იცავს. ადვოკატ გაგი მოსიაშვილის განმარტებით, დადებითი წარსულის მქონე ახალგაზრდის პატიმრობა ზედმეტად მკაცრი ზომაა, რადგან ის თავისი ნებით გამოცხადდა საგამოძიებო ორგანოში და არ უცდია მიმალვა და არც დაუმალავს რამე ნივთი, რაც შეიძლებოდა ნივთმტკიცებად იქნას გამოყენებული. არ არსებობს წინაპირობა მიმალვის, მტკიცებულებების განადგურებისა და დანაშაულის განმეორებით ჩადენის. მათ სასამართლოს შუამდგომლობით მიმართეს აღკვეთის ღონისძიების სახით 20 ათასი ლარის ოდენობის გირაოს შეფარდებაზე. შუამდგომლობა ასევე მოიცავდა თარაშ კანდელაკისთვის გარკვეული შეზღუდვების დაწესებას, მაგალითად საკომუნიკაციო, დაზარალებულთან ან გამოძიებისთვის საინტერესო პირებთან მიახლოების აკრძალვას, პასპორტის ჩამორთმევას და ელექტრონულ მონიტორინგს. დაცვის მხარე მიიჩნევს, რომ პატიმრობისთვის საჭირო არგუმენტები ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია.

წინასასამართლო სხდომა საქმეზე 31 ივლისს 13 საათზე ჩაინიშნა. საქმეზე გამოძიება 217-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს და 3-6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დღის ამბები