18 ნოემბერი 2024,   21:42
ვრცლად
ნაძალადევში, მახალდიანის ქუჩაზე, 6 კერძო სახლი დაიწვა - დაშავებულები არ არიან

ნაძალადევის რაიონში, მახალდიანის ქუჩაზე,  რამდენიმე კერძო სახლი დაიწვა.

საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, სახლების რაოდენობა დაახლოებით 6-ია.

ხანძრის გამომწვევი ზუსტი მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია, თუმცა, გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლის გაჩენა სადენებმა გამოიწვია.

აღსანიშნავია, რომ შედეგად არავინ დაშავებულა და ადამიანების გამოყვანა დროულად განხორციელდა. 

"დაახლოებით 7-ის ნახევარზე შემოვიდა ინფორმაცია, რომ მახალდიანის ქუჩაზე რამდენიმე სახლი იწვოდა. ადგილზე მობილიზებული იყო 15 სახანძრო ბრიგადა. იყო ხანძრის გავრცელებისა საშიშროება, თუმცა ეს თავიდან ავიცილეთ. ამ დროისათვის კი ხანძარი ლოკალიზებულია. ასევე, აღსანიშნავია, რომ დაშავებული არავინ არ არის. შესაბამისი სამსახურები უმოკლეს დროში დათვლიან ზარალს. საუბარია რამდენიმე ახლოს მდებარე სახლებზე, დაახლოებით, 6-ზე. ასევე, ამ დროისთვის ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია. სახანძრო სამაშველო ბრიგადა ადგილზე დროულად მივიდა," - აცხადებს სახანძრო-სამაშველო სამსახურის წარმომადგენელი. 

 ნაძალადევის რაიონის გამგებლის მოადგილე ამბობს, რომ ისინი დაზარალებულებს დაეხმარებიან და ღია ცის ქვეშ არ დატოვებენ. 

"ჯერჯერობით ზარალის შესახებ არაფერი ვიცით. ადგილზე მობილიზებულია ყველა შესაბამისი ჯგუფი. გამგეობა თავისი შესაძლებლობის ფარგლებში უყურადღებოდ და ღია ცის ქვეშ არავის დატოვებს. სავარაუდოდ, საუბარია 6 ან 8 ოჯახზე. მიმდინარეობს გამოძიება, რომელიც ყველაფერს დაადგენს,"- განაცხადა ნაძალადევის რაიონის გამგებლის მოადგილემ. 

დღის ამბები