18 ნოემბერი 2024,   21:40
ვრცლად
"2015 წლის შემდეგ 2 ივლიტა გაჩნდა ჩემს ოჯახში..." - "შაბათის კურიერი" სვანიძის ქუჩაზე 13 ივნისის სტიქიიდან 5 წლის შემდეგ

5 წელი გავიდა თბილისის სტიქიიდან, რომელსაც 21 ადამიანი ემსხვერპლა. გურამ როგავამ ის ადგილი მოინახულა საიდანაც სტიქია დაიწყო და სვანიძის ქუჩას ესტუმრა, რომელიც სტიქიის ერთ-ერთი მთავარი ეპიცენტრი იყო.

13 ივნისს დაღუპული ივლიტა ჯიბუტის მამამ, დეკანოზმა გიორგი ჯიბუტმა და მარიამ ქუთელიას დამ, ლიკა ქუთელიამ "შაბათის კურიერთან" 5 წლის წინ მომხდარი ტრაგედია გაიხსენეს.

"ზუსტად 12 საათზე მარიამის ზარი შემოვიდა და მომიკითხა, უცბად დაინახა, რომ წყალი შემოვიდა და თითქოს იქაც გადაულაპარაკა ალბათ ივლიტას და მის მეუღლეს წყალი შემოვიდაო და კარგი, კარგი წავედიო, სწრაფად დამემშვიდობა... ალბათ ამ წყალმა იმატა, ისინი ავიდნენ სახურავზე და სახურავიდან დაახლოებით 40 წუთის განმავლობაში შველას ითხოვდნენ. ითხოვდნენ ვერტმფრენს. მიჭირს იმის მონელება, რომ ვერტმფრენის საშუალებით, რეალურად 40 წუთი იყო დრო, რომ მათი გადარჩენა შესაძლებელი ყოფილიყო, ეს დახმარება ვერ მიიღეს,"- ამბობს ლიკა ქუთელია. ის ფიქრობს, რომ დროული პრევენციის შემთხვევაში ტრაგედია ამ მასშტაბის არ იქნებოდა.

გურამ როგავა ივლიტა ჯიბუტის მამასთან ერთად ზუსტად იმ ადგილზე მივიდა, სადაც წლების წინ სახლები იდგა, ახლა კი იქ, ფაქტობრივად, მდინარე ვერეს კალაპოტია და დასახლების არანაირი კვალი აღარ ჩანს. დეკანოზმა გიორგი ჯიბუტმა სწორედ ამ ადგილზე გაიხსენა 13 ივნისის მძიმე ღამე. მისი თქმით ის წყალში დარჩენილი ახლობლების გადასარჩენად სტიქიის ადგილზე მალევე გამოემართა, თუმცა ვეღარ მოუსწრო:

"პირველის 35 წუთზე მირეკავს, ცოცხალი იყო და რომ ჩამოვედი უკვე წაღებული... სახურავზე იყო, ხშირად ვურეკავდი, მოვდივარ ნუ გეშინია. თავში არ მომდიოდა არაფერი ცუდი, 6 ბიჭი მომყვებოდა მაშველები... ჩემი სიძე წამოედო განათების ბოძს და იმან გადაარჩინა, ესენი ერთხანს ეჭირა ჩემს სიძეს, მაგრამ მერე რაღაც დაეჯახა,  ჩაძირა და გაექცა ხელიდან. მე რომ ჩამოვედი ამოდიოდა წყლიდან და ტიროდა, ყვიროდა..."- ამბობს გიორგი ჯიბუტი, მისი თქმით, არსებობს სტიქიები, რომელსაც ზესახელმწიფოები ვერც უმკლავდებიან, თუმცა ასევე ამბობს იმასაც, რომ არასწორი იყო სახლის მდინარის პირზე აშენება.

ივლიტა ჯიბუტის მამამ 13 ივნისის მსხვერპლთა სახელზე სპეციალური ფონდიც შექმნა, რომელიც კულტურულ-საგანმანათლებლო-სამეცნიერო ღონისძიებებს ეწევა. გიორგი ჯიბუტის თქმით, მისი შვილი ხშირად საუბრობდა ქვეყნის და საზოგადოების განვითარების შესაძლებლობებზე და მას სურს, რომ მისი შვილის გეგმებმა და ხსოვნამ იცოცხლოს:

"2015 წლის შემდეგ 2 ივლიტა გაჩნდა ჩემს ოჯახში, ჩემს შვილს ლუკას შეეძინა ივლიტა და ჩემს გოგონას თეკლასაც, ორივემ ივლიტა დაარქვას. რამდენიმე ადამიანი მოვიდა ჩემთან და მითხრა ივლიტა დავარქვი ჩემს შვილსო. ასე რომ ივლიტას ხსოვნა გრძელდება,"- ამბობს გიორგი ჯიბუტი.

დღის ამბები