დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა დღეს ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ეპიდემიოლოგებმა დეტალურად გააანალიზეს კორონავირუსის მიმდინარეობა საქართველოში. შეისწავლეს ინფიცირების 800 და 500 კლინიკური შემთხვევა. დოკუმენტში შედარებულია მარტის, აპრილის და მაისის მონაცემები, რომლის საფუძველზეც იკვეთება ტენდენცია, რომ ვირუსის აგრესიულობა ბოლო 2 თვის განმავლობაში იკლებს.
მძიმე შემთხვევების კლების ტენდენციის მიუხედავად, დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე მოსახლეობას ისევ კატეგორიულად აფრთხილებს. ის ამბობს, რომ ვირუსი არსად წასულა და რეკომენდაციების დაცვა ისევ სასიცოცხლოდ აუცილებელია.
კიდევ ერთი სიახლე, რომელიც კორონა პანდემიის პირობებში, შესაძლოა, საქართველოსაც შეეხოს, ამერიკის წამლისა და სურსათის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებაა. FDA-მ გადაუდებელი წესით შეაჩერა "პლაქვენილის" ავტორიზაცია. მალარიის წამალს შტატებში მხოლოდ კვლევების ფარგლებში გამოიყენებენ. დღეს საქართველოში ამ წამლით, დაახლოებით, 30 პაციენტი მკურნალობს. ისინი კურსს ბოლომდე მიიყვანენ. FDA-მდე იყო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, რომელმაც "პლაქვენილი" ჯერ სოლიდარობის კვლევიდან ამოიღო, შემდეგ კი მალევე უკან დააბრუნა. ორივე შემთხვევაში მიზეზად გვერდითი მოვლენები და რისკები დასახელდა.
მსოფლიოს ისევ არ აქვს COVID-19-ის არც წამალი და არც ვაქცინა. ვაქცინაზე მსოფლიო ლაბორატორიები დაჩქარებული ტემპებით მუშაობენ. უკვე შექმნილია 135 ნიმუში, თუმცა გამოყენებამდე გამოგონებებმა ჯერ გამოცდას უნდა გაუძლოს.
ამერიკის შეერთებულ შტატებში სამი ვაქცინის კლინიკური ცდების საბოლოო სტადია იწყება. კომპანია Moderna ვაქცინას ადამიანებზე გამოცდის. აგვისტოში იწყება იმ ვაქცინის ცდებიც, რომლებზეც მეცნიერები ყველაზე დიდ იმედებს ამყარებენ, ეს არის ოქსფორდის უნივერსიტეტისა და ბრიტანული კომპანია AstraZeneca-ს ერთობლივი ნამუშევარი.
მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში დღეს კიდევ ერთი კვლევა აღმოჩნდა. ბრიტანელი მეცნიერები წერენ, რომ პრეპარატი "დექსამეტაზონი" კორონავირუსთან ბრძოლაში ეფექტურია და წამალი მძიმე პაციენტებში სიკვდილიანობას 40-დან 28 პროცენტამდე ამცირებს. ჯერჯერობით, ეს მხოლოდ ერთი კვლევაა, თუმცა მანამ მედიკამენტს მსოფლიო წამლის სააგენტოები კოვიდის სამკურნალოდ განსაკუთრებულ სტატუსს მიანიჭებენ, ჯერ კიდევ ბევრი გამოცდა უნდა გაიაროს.