საქართველოს პროკურატურამ საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბების მიზნით, ყალბი პირადობის მოწმობების დამზადების ფაქტზე მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება შეაჩერა.
2018 წელს გავრცელდა ინფორმაცია, რომ საპრეზიდენტო კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ არჩევნების სავარაუდო გაყალბების მიზნით, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარის ხელმძღვანელობით ხდებოდა ყალბი პირადობის მოწმობების დამზადება.
"2018 წლის 20 ნოემბერს სამი არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმად, საპრეზიდენტო კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ არჩევნების სავარაუდო გაყალბების მიზნით, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარის ხელმძღვანელობით თითქოს იბეჭდებოდა ყალბი პირადობის მოწმობები.
აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, საქართველოს პროკურატურაში დაუყოვნებლივ დაიწყო გამოძიება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით.
გამოძიების ფარგლებში გამოიკითხნენ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები - ე.გ, ი.პ. და მ.ბ. გამოკითხულმა პირებმა განმარტეს, რომ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თანამშრომელმა, მათი განცხადებით ე.წ. „წყარომ“, მათ მიაწოდა ინფორმაცია, რომლის თანახმად 2018 წლის 5-დან 10 ნოემბრის კვირაში, უწყების ერთ-ერთ შენობაში გაიმართა სპეციალური თათბირი სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარის უშუალო მონაწილეობით. გამოკითხულთა მტკიცებით, სწორედ თათბირზე გაიცა თითქოს დავალება, დამზადებულიყო ყალბი პირადობის მოწმობები.
გამოძიებით დადგინდა და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან გამოთხოვილი ინფორმაციით დადასტურდა, რომ ამავე უწყების თავჯდომარე 2018 წლის 5 ნოემბრიდან 10 ნოემბრამდე, სამსახურებრივი მივლინებით იმყოფებოდა ინდონეზიის დედაქალაქ ჯაკარტაში, რაც ასევე დასტურდება საზღვრის კვეთის მონაცემებით. აქედან გამომდინარე, დასახელებულ პერიოდში იგი ფიზიკურად ვერ მიიღებდა საქართველოში თათბირში უშუალოდ მონაწილეობას.
გენერალური პროკურატურის მიერ გამოძიების ფარგლებში ასევე, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან და საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიიდან სრულად იქნა გამოთხოვილი საარჩევნო სიებთან და პიროვნების დამადასტურებელი დოკუმენტების გაცემასთან დაკავშირებული ინფორმაცია. შესაბამისი ექსპერტების მონაწილეობით ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტი, რომლის ფარგლებში სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ადმინისტრაციულ შენობაში განთავსებულ სერვერზე იდენტიფიცირებული იქნა მონაცემთა ბაზები.
არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები ასევე აცხადებდნენ, რომ სავარაუდოდ წალენჯიხასა და გარდაბანში მზადდებოდა ყალბი არაელექტრონული, ძველი პირადობის მოწმობები.
აღნიშნულთან დაკავშირებით გამოძიებით დადგინდა, რომ მითითებულ პერიოდში, არაელექტრონული პირადობის მოწმობა მთლიანობაში 130 პირზე გაიცა, ხოლო მათგან წალენჯიხისა და გარდაბნის სამოქალაქო რეესტრის სამსახურების მიერ არცერთი მოწმობა არ გაცემულა. გამოძიების ფარგლებში დეტალურად იქნა შესწავლილი ყველა იმ პირის პერსონალური მონაცემები, ვისზეც პირველი ტურის შემდეგ გაიცა არაელექტრონული პირადობის მოწმობები. შედეგად სააგენტოს მიერ გაცემულ არაელექტრონულ პირადობის მოწმობებში არ გამოვლინდა არცერთი შემთხვევა, როდესაც ერთი და იგივე პირის ფოტოსურათი სხვადასხვა სახელის და გვარის მოქალაქეზეა გამოყენებული.
ამდენად ჩატარებული გამოძიებით საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბების მიზნით ყალბი პირადობის მოწმობების დამზადების ფაქტი არ დადასტურდა,"- ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.