18 ნოემბერი 2024,   21:28
ვრცლად
ევროპის ქალაქებში ღირსშესანიშნაობების ნახვა დამთვალიერებელს სპეციალური წესების გათვალისწინებით მოუწევს

პანდემიის შემდეგ, საფრანგეთის ცნობილი სიმბოლო - ეიფელის კოშკი 25 ივნისს დამთვალიერებლებისთვის გაიხსნება.

ქალაქის ყველაზე პოპულარული ტურისტულ წერტილს და პარიზის ღირსშესანიშნაობას, წელიწადში 5,5 მილიონზე მეტი დამთვალიერებელი სტუმრობს. კორონავირუსის გამო, "ეიფელი" სამი თვე დაკეტილი იყო, რაც კოშკის ისტორიაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე ხანგრძლივი პერიოდია. ეიფელის კოშკის ვიზიტისას, სტუმრებს უსაფრთხოების წესების დაცვა, მათ შორის პირბადის ტარება და სოციალური დისტანცირება მოუწევთ. ბილეთების შეძენა კი მხოლოდ ონლაინ იქნება შესაძლებელი. ასევე, შეზღუდვები იქნება სტუმრების რაოდენობასთან დაკავშირებით, ისინი ვერ ისარგებლებენ ლიფტით და მხოლოდ კიბით გადაადგილებას შეძლებენ. ასევე უსაფრთხოების მიზნით, გაიხსნება მხოლოდ პირველი და მეორე სართული.

პარიზი ნაბიჯ-ნაბიჯ ცხოვრების ჩვეულ რიტმს უბრუნდება. ეიფელის გარდა გაიხსნა მსოფლიოში ცნობილი პომპიდუს ცენტრი. ჟორჟ პომპიდუს ხელოვნებისა და კულტურის ეროვნულმა ცენტრმა, რომელიც ევროპის უდიდეს თანამედროვე ხელოვნების კოლექციას ინახავს, კორონავირუსის გამო 20 მილიონი ევრო დაკარგა.

დამთვალიერებლებისთვის ცენტრი განსაკუთრებულად მოემზადა და იქ შესვლა მათ ყველა წესის დაცვით მოუწევთ, რაც ბილეთების ონლაინ ჯავშნებსპირბადეების სავალდებულო ტარებასა და დისტანცირებას გულისხმობს. ასევე, ერთჯერადად ცენტრში არ დაიშვება 10-ზე მეტი ვიზიტორი.

იტალია, რომელმაც აღნიშნული კრიზისი ყველაზე მძიმედ გადაიტანა, მნიშვნელოვან ტურისტულ წერტილებს, სადაც ტრადიციულად მილიონობით ადამიანი იყრიდა თავს, ეტაპობრივად ხსნის.

შეზღუდვებით, უსაფრთხოების ნორმების მაქსიმალურად დაცვითა და სოციალური დისტანცირებით იხსნება მუზეუმები, გალერეები და თეატრები. უსაფრთხოების გამკაცრებული ზომები იმოქმედებს კინო-თეატრებშიც. მაყურებლებს შორის ორადგილიანი დაშორება იქნება, პირბადის ტარება სავალდებულოა, გამონაკლისი მხოლოდ უშუალოდ სეანსის დროს იმოქმედებს.

იტალიაში შეზღუდვები კაფე-ბარებსა და რესტორნებზე მოიხსნა, თუმცა ის ადგილები, რომლებიც 1 წლის წინ ზუსტად ამ დროს ტურისტებითა და ადგილობრივებით სავსე იყო, ახლა ცარიელია. ქვეყენაში იმედოვნებენ, რომ პოსტკოვიდურ პერიოდს გაივლიან და იტალია ძველ დიდებას ძალიან მალე დაიბრუნებს.

ავტორი: სალომე თარხნიშვილი

დღის ამბები