"ლეიბორისტული პარტიის" ოფისში ოპოზიციის გაერთიანებული სხდომის დასრულების შემდეგ თბილისის ოლქებში მაჟორიტარობის ერთიანმა კანდიდატებმა განცხადებები გააკეთეს.
მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატმა შალვა შავგულიძემ იმედი გამოთქვა, რომ ხალხი სწორ არჩევანს გააკეთებს ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციასა რუსეთის ინტერესების გატარებას შორის.
"ყველაზე მეტად იმის იმედი მაქვს, რომ ერთი ადამიანის სურვილი და ნება, რომელიც ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის კანონზომიერებას, რომელიც არის ჩვენი ევროატლანტიკურ სივრცეში, დასავლურ ცივილიზაციაში ინტეგრირება, რასაც ეწინააღმდეგება ივანიშვილი და მას პირადი ინტერესებიდან გამომდინარე სურს, რომ ისევ რუსული გეოპოლიტიკური გავლენის სფეროში დააბრუნოს ეს ქვეყანა, მე დარწმუნებული ვარ, ჩვენი ხალხი სწორ არჩევანს გააკეთებს,"-განაცხადა შალვა შავგულიძემ.
გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატის, ნიკა მელიას განცხადებით, მოსახლეობამ არჩევანი განვითარების შანსსა და სტაგნაციას შორის უნდა გააკეთოს.
"ძალიან მარტივი არჩევანის გაკეთება მოუწევს საზოგადოებას: ოლიგარქის თითქმის 9 წლიანი მმართველობის შემდეგ არჩევანი მარტივი გასაკეთებელი იქნება - ან ამ ქვეყნის განვითარებას შანსს და იმედს შევუნარჩუნებთ, ან ვიქნებით, რბილად რომ ვთქვათ, სტაგნაციაში. გიგანტური ნაბიჯებით მივდივართ უკან, ვღარიბდებით. ყველაფერს გავაკეთებ გამარჯვებისთვის არამარტო გლდანში, მუხიანში, ავჭალაში თუ ზაჰესში, არამედ ყველა სხვა ოპოზიციური კანდიდატის გამარჯვებისთვის. ოპოზიციურმა კანდიდატმა უნდა გაიმარჯვოს რაც შეიძლება მეტ ოლქში,"-განაცხადა ნიკა მელიამ.
საკუთარ გამარჯვებაში აბსოლუტურად არის დარწმუნებული სამგორის მაჟორიტარობის კანდიდატი ლევან ხაბეიშვილი. მისი თქმით, მისი ერთადერთი კონკურენტი სიღარიბე და გაჭირვებაა.
"მე დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი ხალხი მზადაა გამარჯვებისთვის, ძალიან მარტივი არჩევანია გასაკეთებელი: სახელმწიფოებრიობასა და ანტისახელმწიფოებრიობას შორის. სიღატაკესა და განვითარებას შორის. დარწმუნებული ვარ, მათ შორის ჩემ ოლქში, მოქალაქეები მიიღებენ სწორ გადაწყვეტილებას იმისთვის, რომ გაიმარჯვოს ქართველმა ხალხმა და არა რომელიმე პოლიტიკურმა ჯგუფმა ან პოლიტიკოსმა. ცალსახად შემიძლია ვთქვა, რომ ერთადერთი კონკურენტი, რაც ამ შემთხვევაში შემიძლია განვიხილო, არის ის გაჭირვება და სიღატაკე, რომელიც ჩვენს მოსახლეობას აწუხებს,"- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
ელენე ხოშტარიასთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ქართულ ოპოზიციურ სპექტრში შეთანხმების მიღწევაა.
"ჩემთვის პიროვნულადაც ძალიან მნიშვნელოვანია იმ განსხვავებული პარტიების მხარდაჭერა, მაგრამ ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია, რომ მთლიანად პოლიტიკური პროცესისთვის არის საჭირო, რომ პარტიებმა თავიანთი განსხვავებულობის მიუხედავად საერთო ამოცანაზე კონცენტრირება და კოორდინაცია შეძლეს. ეს ერთიანობა ნიშნავს, რომ საქართველოს პოლიტიკური სპექტრის უდიდესი ნაწილი დემოკრატიული თამაშის წესებზე შეთანხმებას ითხოვს და ამისთვის ჩვენ შეგვიძლია გადავდოთ გარკვეული განსხვავებები,"-განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
შეგახსენებთ, რომ გაერთიანებულმა ოპოზიციამ თბილისის მაჟორიტარულ ოლქებში კანდიდატები წარადგინა.
გადანაწილების სქემა ასე გამოიყურება: ნაძალადევის რაიონში იბრძოლებს შალვა ნათელაშვილი; მთაწმინდაზე - შალვა შავგულიძე; ვაკეში მაჟორიტარობისთვის ხელისუფლების კანდიდატს დაუპირისპირდება ელენე ხოშტარია; სამგორში - ლევან ხაბეიშვილი; გლდანში მაჟორიტარობის კანდიდატი - ნიკა მელიაა, ხოლო ისანში - გიორგი ვაშაძე.
დიდუბე-ჩუღურეთისა და საბურთალოს ოლქებთან დაკავშირებით კონსულტაციები გრძელდება.