"გერმანიის მთავრობა იტოვებს უფლებას, მიიღოს ახალი ზომები რუსეთის წინააღმდეგ ქვეყნის გენერალური პროკურატურის დასკვნების შესახებ, რომლებიც ბერლინში საქართველოს მოქალაქის მკვლელობას უკავშირდება, თუმცა გერმანია აპირებს დაელოდოს სასამართლოს გადაწყვეტილებას საქმეზე,"- ეს განცხადება კანცლერმა ანგელა მერკელმა პრესკონფერენციაზე რამდენიმე საათის წინ გააკეთა.
გერმანიის კანცლერის თქმით, ევროპელი ლიდერები რუსეთისთვის სანქციების გაფართოების შესახებ შეთანხმდნენ.
მერკელის განცხადებით რუსეთს სანქციები კიდევ 6 თვით გაუხანგრძლივდა. გერმანიაში მოსკოვისთვის სანქციების გაფართოების მიზეზად ყირიმის ანექსია და საქართველოს მოქალაქის მკვლელობა სახელდება.
"ჩვენ ყოველთვის ვახდენთ კონცენტრაციას კონკრეტულ მიზნებზე.კონფლიქტი უკრაინაში რუსეთისთვის სანქციების გაფართოების ერთ-ერთი მიზეზია . მეორე - გერმანიის გენპროკურატურის დასკვნაა ბუნდესტაგის კიბერშეტევაზე და მესამე - ეს არის ცოტა ხნის წინანდელი ბრალდების წარდგენა საქართველოს მოქალაქის მკვლელობაზე. აქ ჩვენ ვიტოვებთ უფლებას რეაგირება მოვახდინოთ, მაგრამ უნდა დაველოდოთ სასამართლო მოსმენების შედეგებს,"- განაცხადა ანგელა მერკელმა.