20 ივნისის აქციის დარბევა, ია კერზაიას საქმე, პრეზიდენტის სკანდალური შეწყალებები - ეს იმ საკითხთა არასრული ჩამონათვალია, რომლებზეც სახალხო დამცველმა პარლამენტში, 2019 წლის ანგარიშის წარდგენისას, ისაუბრა.
ნინო ლომჯარიას განმარტებით, არის საქმეები, რომელთა გამოძიება არაეფექტურად მიმდინარეობს. მათ შორის, სახალხო დამცველმა დაასახელა 20 ივნისი, სადაც, მისი შეფასებით, გამოძიებამ მოწმეები კრიტიკულად არ დაკითხა, პარალელურად კი პოლიტიკური განცხადებები კეთდებოდა მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან.
სხდომაზე იყო სიტყვიერი დაპირისპირებაც. ერთმანეთს "პატრიოტთა ალიანსი და სოციალ-დემოკრატების" თავმჯდომარის მოადგილე და "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის მოადგილე დაუპირისპირდნენ. ადა მარშანიამ სალომე სამადაშვილი გააკრიტიკა და მიხეილ სააკაშვილის "მონა-მორჩილებაში" მყოფი უწოდა.
სალომე სამადაშვილმა სახალხო დამცველს გიორგი რურუას პატიმრობის შესახებ შეფასების გაკეთება სთხოვა.
"მე მაინტერესებს, თქვენგან მოვისმინოთ თქვენი წინასწარი შეფასებები გიორგი რურუას უკანონო დაპატიმრებასთან დაკავშირებით. თქვენ საუბრობთ თქვენს ანგარიშში, რომ 20 ივნისის ღამეს ვინ გასცა ბრძანება საქართველოს მოქალაქეებისთვის დათვებზე სანადირო ტყვიების დაშენის და ხალხის დაბრმავების, დღემდე არის გაურკვეველი. არის თუ არა სახელმწიფოს მიტაცება და ჩამოშლა, როდესაც პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ არ აინტერესებს გამოიძიოს, ვინ გასცა ბრძანება,“ - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
გიორგი რურუასთან დაკავშირებით სახალხო დამცველის თქმით, კითხვებს იწვევს ის ფაქტი, რომ საქმის მასალებში არ დევს ობიექტური მტკიცებულებები, რაც დაადასტურებდა რურუას მიერ იარაღის ფლობას.
"ამ ეტაპზე, რაც შემიძლია გითხრათ საქმესთან დაკავშირებით, არის ის, რომ ალბათ ჩემთვის, როგორც უფლებადამცველისთვის კითხვის ნიშნებს წარმოშობს ის, რომ საქმის მასალებში არ დევს ობიექტური ან ნეიტრალური მტკიცებულებები, რაც დაადასტურებდა ამ პირის მიერ იარაღის ფლობას,“ - აცხადებს ნინო ლომჯარია.