18 ნოემბერი 2024,   21:39
ვრცლად
სოციალურ აგენტებს ფიქსირებული ანაზღაურება 100 ლარით გაეზრდებათ - ჯანდაცვის სამინისტროში შეხვედრა დასრულდა

სოციალურ აგენტებსა და ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს, გიორგი წოწკოლაურს შორის გამართული შეხვედრა დასრულდა. 

ერთ-ერთი სოციალური აგენტის, გია მეჩიტაშვილის ინფორმაციით, შეხვედრის შედეგად შეთანხმებას მიაღწიეს მუშა ჯგუფის შექმნაზე, რომელიც სოციალური აგენტების პრობლემების მოგვარებაზე იმუშავებს. 

"ვერ ვიტყვი, რომ შეხვედრა იყო შეხვედრისთვის, რადგან გარკვეული, მცირე შედეგი იყო. შემოგვთავაზეს შევქმნათ მუშა ჯგუფი და ადმინისტრირების დეპარტამენტთან და ხელმძღვანელთან ერთად ვიმუშაოთ, რომელიც გვპირდება, რომ ნამდვილად მიიტანს გულთან ჩვენს მოთხოვნებს. გვითხრეს, რომ სამგზავრო ხარჯები გაიზრდება 100 ლარით. თუ შიგნით, მუშა ჯგუფის მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე არ წამოვიდნენ, ჩვენ ჩვენს პროფკავშირთან ერთად, სოლიდარობის ქსელთან ერთად აუცილებლად მოვაწყობთ გაფცვას,"- განაცხადა გია მეჩიტაშვილმა.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, გიორგი წოწკოლაურის ინფორმაციით, სოციალურ აგენტებს ფიქსირებული ანაზღაურება, სამგზავრო ხარჯები გაუორმაგდებათ. 

"შეხვედრაზე გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ ოფიციალურად ჩამოყალიბდება სამუშაო ჯგუფი, სადაც აუცილებლად იქნება წარმოდგენილი ინიციატივები, თუ როგორ შეიძლება განვითარდეს ეს მიმართულება ჯანდაცვის სფეროში. ამაზე ჩვენ ინტენსიურად ვიმუშავებთ, რადგან ეს, პირველ რიგში, ეხება ჩვენს სოციალურად დაუცველ ბენეფიციარებს. რაც შეეხება სახელფასო ზრდას - მე შემიძლია ვთქვა, რომ ის თანხები, რომელიც მათ ერიცხებოდათ სამგზავროდ, ეს თანხები მათ გაუორმაგდებათ,"-განაცხადა გიორგი წოწკოლაურმა. 

შეგახსენებთ, რომ სოციალურ აგენტების ფიქსირებული ანაზღაურება 80 ლარია და ბენეფიციარებთან თითო ინტერვიუზე, დამატებით, 4 ლარს და 80 თეთრს იღებენ. საუკეთესო შემთხვევაშიც კი სოციალური აგენტების ანაზღაურება 700 ლარს არ სცდება. სოციალური აგენტები ხელფასების მომატებას მოითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, გაფიცვას აანონსებენ.

ავტორი: თამთა ასანიძე

დღის ამბები