18 ნოემბერი 2024,   21:27
ვრცლად
სასტუმროების რაოდენობა, რომლებიც სრულად აკმაყოფილებენ პოსტპანდემიურ მოთხოვნებს, 459-მდე გაიზარდა - ტურიზმის ადმინისტრაცია

საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაციის ცნობით, იმ სასტუმროების რაოდენობა, რომლებიც სრულად აკმაყოფილებენ პოსტპანდემიურ მოთხოვნებს, 459-მდე გაიზარდა.

უწყების მონაცემებით, ამ ეტაპზე, ეკონომიკური საქმიანობის აღდგენის მოთხოვნით, ჯანდაცვის სამინისტროში დარეგისტრირებულია 1675 სასტუმრო. შემოწმება დაიგეგმა 1331 სასტუმროში, საიდანაც სავალდებულო მოთხოვნები 459-მა სასტუმრომ დააკმაყოფილა, 291-მა სასტუმრომ ვერ დააკმაყოფილა, 581-მა კი განაცხადა, რომ მზად არ არის შემოწმებისთვის და დრო სჭირდება.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიისთვის სავალდებულო რეგულაციების შემოღება გახდა საჭირო, მათ შორის განთავსების ობიექტებისთვის. ახალი რეგულაციები სოციალური დისტანციის დაცვას, დეზინფექციას, ოთახების დალაგების ახალ წესებს და სხვა მოთხოვნებს მოიცავს. ყველა სასტუმრო, რომელსაც ოპერირების გაგრძელება სურს, ვალდებულია გაითვალისწინოს დამტკიცებული რეკომენდაციები და ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე სპეციალურად შექმნილ ელექტრონულ სისტემაში დარეგისტრირდეს, რის შედეგადაც  შრომის ინსპექცია განახორციელებს შემოწმებას, რომლის დადებითი დასკვნის საფუძველზე განმათავსებლები შეძლებენ საქმიანობის აღდგენას.

ინსპექტირების გავლის შემდეგ სასტუმროების შესახებ ინფორმაციის  განახლება ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემთა ბაზაში ხდება. 

დღის ამბები