18 ნოემბერი 2024,   21:41
ვრცლად
"ივანიშვილმა უნდა გაათავისუფლებინოს გიორგი რურუა, როგორც დააჭერინა" - ოპოზიცია საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრაში მონაწილეობისთვის რურუას გათავისუფლებას ელოდება

პოლიტიკური ოპონენტები კვლავ ურთიერთბრალდებების რეჟიმში რჩებიან. საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცების ფონზე უმრავლესობა და ოპოზიცია ერთმანეთს 8 მარტის შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებს. თუ გიორგი რურუა საპატიმროში დარჩება ოპოზიცია მესამე მოსმენაში მონაწილეობას არ მიიღებს.

"ჩვენ მოგვიწოდებენ, რომ შესრულდეს ორივე ნაწილი, მაგრამ ჩვენ ხომ მეორე ნაწილის შესრულებაზე არ ვაგებთ პასუხს, ჩვენ ხომ არ შეგვიძლია გავაღოთ ციხის კარი და გამოვუშვათ გიორგი რურუა. ამიტომ, მთავრობაზეა დამოკიდებული, ჩვენი მონაწილეობით იქნება თუ არა მიღებული ეს კონსტიტუცია. თუ საერთო კონსენსუსით არ იქნა მიღებული, რა თქმა უნდა, ეს ძალიან დააზიანებს საკონსტიტუციო პროცესს, მაგრამ პასუხისმგებლობა ეკისრება საქართველოს ხელისუფლებას და პირადად ბიძინა ივანიშვილს, რომელსაც მძევლად ჰყავს გიორგი რურუა,"- აცხადებს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი რომან გოცირიძე.

ასეთივე პოზიცია აქვს "ევროპულ საქართველოს." ოთარ კახიძის განცხადებით, პარტია განხილვაში მონაწილეობას მხოლოდ გიორგი რურუას გათავისუფლების შემდეგ მიიღებს. 

"ევროპული საქართველო სრული შემადგენლობით მხარს დაუჭერს საარჩევნო სისტემის ცვლილებას, თუ გათავისუფლდება გიორგი რურუა და ამ მხარდაჭერით ჩვენ მივაღწევთ კონსენსუსს ხელისუფლებასთან და მოხდება ვითარების ნორმალიზაცია, რაც არის ქვეყნის ინტერესში. ამიტომ, ივანიშვილის ხელშია, ამ შემთხვევაში გასაღები, მან უნდა გაათავისუფლებინოს გიორგი რურუა, როგორც დააჭერინა. შემდგომ, რა თქმა უნდა, ჩვენ დავიცავთ 8 მარტის შეთანხმებას, როგორც ვიცავდით აქამდე,"- განაცხადა ოთარ კახიძემ.

მმართველი გუნდში კი აცხადებენ, რომ საკონსტიტუციო ცვლილების მისაღებად ოპოზიციის მხარდაჭერა არ სჭირდებათ, რადგან მათ პირველ და მეორე მოსმენაზე საკმარისი ხმების მობილიზება შეძლეს.  

"ქართული ოცნების 92 დეპუტატის მხრიდან ექნება სრული მხარდაჭერა ამ ცვლილებას. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ პროგრესს და დემოკრატიის შემდგომ განვითარებას. რაც შეეხება "ნაციონალურ მოძრაობას," მათ უკვე ბოიკოტი გამოუცხადეს 8 მარტის შეთანხმებას საკონსტიტუციო ცვლილებასთან დაკავშირებით და მნიშვნელობა არ აქვს, მიიღებენ თუ არა ისინი მონაწილეობას ამ პროცესში. ჩვენ შევძელით პირველი და მეორე მოსმენის დროს ამ ცვლილების მიღება და ამას შევძლებთ მესამე მოსმენის დროსაც,"- განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 2020 წლის არჩევნების პროპორციულთან მიახლოებული სისტემით ჩატარების შესახებ ხელისუფლებამ და ოპოზიციამ 2020 წლის 8 მარტს შეთანხმებას მიაღწიეს. თუმცა, ოპოზიცია აცხადებს, რომ შეთანხმების ნაწილი გიორგი რურუას, გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის გათავისუფლებაც იყო, რომელთაც ოპოზიცია პოლიტპატიმრებად მოიხსენიებს. "ქართული ოცნება" შეთანხმების ამ ნაწილს კატეგორიულად უარყოფს.

ამასთან, გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შეიწყალა.

გიორგი რურუა, ამ ეტაპზე, ისევ ბრალდებულია და პატიმრობაში რჩება. მის საქმეზე განაჩენი ჯერ კიდევ არ დამდგარა. 

დღის ამბები