ია კერზაიას შვილი ბაჩანა შენგელია ისევ ზეწოლაზე საუბრობს. როგორც შენგელია აღნიშნავს, მას, როგორც ნოტარიუსს, ხელოვნურად უქმნიან ისეთ პრობლემებს, რომლითაც საქმიანობას ვეღარ გააგრძელებს. ბაჩანა შენგელია დახმარებას სახალხო დამცველს სთხოვს.
"მიმაჩნია, რომ ეს ყველაფერი წარმოადგენს იმ პოლიტიკური დევნის და ტერორის კამპანიის გაგრძელებას, რასაც ადგილი ჰქონდა ხელისუფლების მხრიდან ჯერ კიდევ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ, დედაჩემის, ია კერზაიას მიმართ, რასაც მისი გარდაცვალება მოჰყვა. ამჯერად კი თეა წულუკიანის სახით გადაწყვიტა ხელისუფლებამ პირადად ჩემზე განახორციელოს ანგარიშსწორება. აღნიშნულ დევნას მე ვუკავშირებ ჩემს აქტივობას ხელისუფლების მიერ ჩემი ოჯახის მიმართ ჩადენილ დანაშაულთან დაკავშირებით. აგრეთვე, არ გამოვრიცხავ პირდაპირ კავშირს ჩემ მიერ სტრასბურგის სასამართლოში წარდგენილ სარჩელთან,"- აცხადებს ბაჩანა შენგელია.
შეგახსენებთ, ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორი ია კერზაია, რომელიც 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს ხელისუფლების მხრიდან წინასაარჩევნო ზეწოლაზე საუბრობდა, იმავე წლის 2 დეკემბერს, ინსულტის დიაგნოზით, საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.