18 ნოემბერი 2024,   21:49
ვრცლად
ხუთჯერ დაკითხეს ჩემი შვილი, ისეთ ჩვენებას მოვაწერეთ ხელი, რომელიც არც წაგვიკითხავს - გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნის მამა

19 წლის გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების ფაქტზე დაკავებული არასრულწლოვნის პრეტენზიაზე, რომ მასზე სამართალდამცველების მხრიდან ზეწოლა განხორციელდა, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა გამოძიება დაიწყო.

მოკვლევა ორი მუხლით მიმდინარეობს - სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება და ჩვენების იძულებით მიცემა. შეგახსენებთ, სამართალდამცველების მხრიდან ზეწოლაზე დღეს 16 წლის ახალგაზრდის მამამ ისაუბრა და განაცხადა, რომ მის შვილს პოლიციელმა კეფასა და ზურგში ჩაარტყა.

ბრალდებულ არასრულწლოვანს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური უკვე გაესაუბრა. პროცესს ოჯახის წევრი და ფსიქოლოგი ესწრებოდნენ.

გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების ფაქტზე დაკავებული პირის მამა აცხადებს, რომ არასრულწლოვანს ჩვენება დღეს ხუთჯერ ჩამოართვეს.

"წამოვიდა მათი მხრიდან წნეხი, ეუბნებოდნენ ესე დაწერე ჩვენება, რომ მალე მოვრჩეთ ყველაფერსო. მერე შემოარტყეს. დააწერინეს საბოლოოდ ჩვენება, რომელიც საერთოდ წაკითხული არ გვაქვს ისე მოგვაწერინეს ხელი,"- განაცხადა არასრულწლოვნის მამამ.

გამოძიება 333 და 335-ე მუხლებით დაიწყო, რაც ძალაუფლების გადამეტებას და მოწმისგან სასურველი ჩვენების მიღებას გულისხმობს.

დღის ამბები