10 სექტემბერი 2026,   00:16
ვრცლად
მცხეთის სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულების პროცესი მიმდინარეობს

მცხეთის რაიონულ სასამართლოში 19 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულების პროცესი მიმდინარეობს.

17-ვე ბრალდებული დარბაზში იმყოფება. პროკურატურა დაკავებულებისთვის პატიმრობას ითხოვს, ადვოკატები გირაოს შუამდგომლობას აყენებენ.

"ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს არ აღიარებს და თავს უდანაშაულოდ ცნობს. ვითხოვთ აღკვეთის ღონისძიების შეცვლას არასაპატიმრო ღონისძიებით,"- აცხადებს თენგო ბარბაქაძის ადვოკატი გიორგი ფოფხაძე. 

ძიუდოისტ გიგა ტატიაშვილის ადვოკატი კი მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის ყველა სახის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებას ეწინააღმდეგება.

"ჩვენ ვითხოვთ, რომ საერთოდ არ იყოს გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება, რადგან აბსულუტურად უდანაშაულო ადამიანია გამოკეტილი გისოსებს მიღმა. ის კადრები, რაც გავრცელდა, ადამიანების იდენტიფიცირება პრაქტიკულად შეუძლებელია, არც ერთი მოწმე არ ადასტურებს, რომ რაიმე ტიპის დანაშაული ჩაიდინა, განსაკუთრებით ძალადობა, მით უმეტეს, ძალთა ორგანიზება,"- აცხადებს ძიუდოისტ გიგა ტატიაშვილის ადვოკატი გიორგი ყიფშიძე.

"პოზიცია ბრალთან მიმართებით არ შეცვლილა. არ ვეთანხმებით ბრალდებას და ჩემი დაცვის ქვეშ მყოფები, ვახტანგ ჩიქოვანი და ნიკა ჟვანია, კატეგორიულად გამორიცხავენ ბრალდების მიერ წაყენებულ ქმედებას. საჯაროდ გავრცელებულ ვიდეოში არაფერი ჩანს ღირებული,"- აცხადებს ვახტანგ ჩიქოვანის და ნიკა ჟვანიას უფლებადამცველი არჩილ ბერიანიძე. 

პროკურატურის მიერ წარდგენილ ბრალდებას არც არჩილ გაგნიძისა და ვასილ მახარაძის ადვოკატი ეთანხმება.

"ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორის არის მოწმის ჩვენება, რომელიც არის ბატონი გურო, ის საუბრობს, რომ არანაირი შეურაცხყოფა და იძულება არ განუხორციელებიათ იმ პირებს, ვინც TOYOTA CAMRY-ის მანქანაში ისხდნენ. მქონდა მოლოდინი, რომ საგამოძიებო ორგანო მოწოდების სიმაღლეზე იქნებოდა, თუმცა სამწუხაროდ მივიღეთ, რომ ამ უბედურებას 17 ადამიანის უბედურება ემატება, რადგან საქმის მასალებში ბრალეულობა არ დასტურდება,"- აცხადებს არჩილ გაგნიძისა და ვასილ მახარაძის ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე.

პროკურატურა დაკავებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებას - პატიმრობას ითხოვს. სასამართლომ დღეს უნდა მიიღოს გადაწყვეტილება აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე. სხდომა დახურულ რეჟიმში ტარდება.

დღის ამბები